ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, ნეტფლიქსი ნახვების მთვლელ სისტემას ცვლის. ამიერიდან კომპანია შოუებისა და ფილმების წარმატებას მხოლოდ გამოსვლიდან 30 დღის განმავლობაში დაგროვილი ნახვების რაოდენობით აღარ დაითვლის და დღეების რაოდენობა 90-მდე გაიზრდება. ეს მაყურებელს მეტ დროს მისცემს, შოუს შესახებ გაიგოს.
მაგალითად, ნეტფლიქსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის, Stranger Things-ის ბოლო სეზონს უამრავმა ადამიანმა უყურა, თუმცა კომპანიამ შოუს წარმატების ზუსტად გამოთვლა ვერ შეძლო, რადგან სერიალის პრემიერა ორ ნაწილად გაიყო — თავდაპირველად, 27 მაისს შედგა, ბოლო რამდენიმე ეპიზოდი კი მოგვიანებით, პირველ ივლისს გამოვიდა. ახალი სისტემის მეშვეობით, კომპანია შეძლებს დათვალოს, არამხოლოდ ის, რამდენი მნახველი ჰყავდა სერიალს პირველი 30 დღის განმავლობაში, არამედ მეორე პრემიერის თარიღიც გაითვალისწინოს.
ამასთან, ნეტფლიქსი ვებგვერდზე გატარებული საათების საერთო რაოდენობის ნაცვლად, კონკრეტული შოუს ყურებაში დახარჯულ დროს დაითვლის, რაც მაგალითად, მინისერიალების შემთხვევაში, უფრო ზუსტი შედეგის დანახვის შესაძლებლობას იძლევა.
ახალი მთვლელის მიხედვით, პოოპულარული სერიალი Wednesday, რომელიც ცნობილი ფილმის, ადამსების ოჯახის მიხედვითაა გადაღებული, 252 მილიონი ნახვით ყველა დროის ყველაზე ყურებად ინგლისურენოვან შოუდ იქცა, რითაც მან Stranger Things-ს გაუსწრო.
შეგახსენებთ, რომ Wednesday მალე მეორე სეზონით დაგვიბრუნდება. მართალია, ჯერჯერობით არ ვიცით, თუ რა მოხდება ახალ სეზონში, თუმცა მსახიობების თქმით, ადამსების ოჯახის ახალ წევრს ვიხილავთ.