მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა მე-13-ე ჩემპიონატი 24 ივნისს, სამხრეთ აფრიკაში იწყება. პირველი ტურის ბოლო მატჩში მასპინძელი სამხრეთ აფრიკა საქართველოს ნაკრებს შეხვდება. შეხვედრა 24 ივნისს 21:00-საათზე დაიწყება.
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა უკვე შეარჩია ის 23 მორაგბე, რომლებიც პირველ მატჩში სამხრთ აფრიკის წინააღმდეგ ითამაშებენ. განაცხადში 10 ლეგიონერია (7 სასტარტოში), 17 კი ისეთი მოთამაშეა, რომლებმაც ინგლისელ 20-წლამდელებთან თბილისში გამართულ 2-მატჩიან ისტორიულ სერიაში მიიღო მონაწილეობა.
''ყველამ კარგად იცის რა დონის გუნდია სამხრეთ აფრიკა – ალბათ ყველაზე ფიზიკური 20-წლამდელთა ნაკრებებს შორის, სწრაფი და აგრესიული დაცვით. ისინი საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ატარებენ გახსნით თამაშს და განსაკუთრებით მონდომებულები იქნებიან. ჩვენთვის ეს არის გამოწვევა და შანსი ერთი თავით მაღლა ავწიოთ თამაშის ხარისხი, დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ ის დეტალები, რაზეც ყურადღება გვაქვს მისაქცევი'', - განაცხადა 20-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ.
20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ 3-ჯერ უთამაშია: 2017 წელს მეტოქემ 38:14 იმარჯვა, 2018 წელს ჯერჯერობით ყველაზე მცირე სხვაობა დაფიქსირდა – 33:27, 2019 წელს კი კვლავ სამხრეთ აფრიკამ 48:20 გაიმარჯვა.