ტელეკომპანია “მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.
ის დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.
ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გასული წლის 16 მაისს დააკავეს. მას სასჯელის სახით 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.