საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “მთავარის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიას შეიწყალების აქტს ხელი მოაწერა. შესაბამის განცხადება პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე გააკეთა.
ცნობისათვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, 16 მაისს, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება ჰქონდა შეზღუდული.