კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია „ჯარის ბანაკის“ გახსნისთვის ემზადება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეების დასახვედრად და ერთკვირიანი დაუვიწყარი დღეების გასატარებლად ბანაკში შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ფიზიკური აქტივობებისათვის განკუთვნილი სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
„დღეს საზაფხულო „ჯარის ბანაკში“ მიმდინარე სამუშაოები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ დაათვალიერა. ბავშვებისთვის უკვე მოწყობილია საველე კლასებიც.
საზაფხულო „ჯარის ბანაკი“ მე-9, მე-10 და მე-11 კლასების იმ სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლებს, რომლებშიც 2021-2022 და 2022-2023 სასწავლო წლებში ისწავლებოდა საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“, ასევე მთის სტატუსის მქონე 18 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებშიც 2022-2023 სასწავლო წელს საგანი "სამხედრო საქმე" ისწავლებოდა. ბანაკში ყოფნის პერიოდში ბავშვები ჩაერთვებიან საცეცხლე მომზადებაში, ტოპოგრაფიასა და სამხედრო ნავიგაციაში, გაივლიან პირველადი სამედიცინო დახმარების და დაშავებულის ევაკუაციის პრაქტიკულ და სახალისო დავალებებს, თვითგადარჩენის კურსს, ასევე მონაწილეობას მიიღებენ საინჟინრო მომზადებასა და სამთო მომზადებაში, მათ შორის ავსტრალიურ დაშვებასა და პარალელური ტროსებით წინაღობის გადალახვაში.
საზაფხულო „ჯარის ბანაკი“ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიცირებული პროექტია და მას თავდაცვის უწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად წელს პირველად ახორციელებს. მის აღსრულებას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა უზრუნველყოფს. ჯარის ბანაკის მიზანს ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ქართული ჯარის შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირება წარმოადგენს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.