იტალიის ნაკრების ფეხბურთელი, სანდრო ტონალი კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს. ნიუკასლმა მილანს 70 მილიონი ევრო, ბონუსებთან ერთად შესთავაზა, რასაც იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა დათანხმდა.
ტონალის მილანიდან წასვლა ძალზედ მოულოდნელი აღმოჩნდა. მას კლუბში დარჩენა სურდა, მაგრამ გუნდმა მისი გაშვება გადაწყვიტა და სანდრომაც უარი აღარ თქვა. იტალიელი ნიუკასლის წინადადებას დათანხმდა და კლუბთან კონტრაქტს მალე გააფორმებს. ახალგაზრდა ნახევარმცველი ინგლისურ გუნდთან 6-წლიან კონტრაქტს ხელს მოაწერს.
ბრიტანული მედიის ცნობით, ნიუკასლი სანდროს წელიწადში 10 მილიონ ევროს გადაუხდის. იტალიელმა ფეხბურთელმა მილანთან ერთად შარშან სკუდეტო მოიგო, სანდრომ სერია A-ში მილანის მაისური 95-ჯერ მოირგო და 7 გოლი გაიტანა.