ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სენსაციური გამარჯვებით დაიწყო. რამაზ სვანაძის გუნდმა ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი უძლიერეს პორტუგალიასთან „დინამო არენაზე“ ჩაატარა და ანგარიშით 2:0 მოიგო.
საწყისი წუთებიდანვე პორტუგალიელები თამაშს აკონტროლებდნენ და უფრო მწვავედაც უტევდნენ. რამაზ სვანაძის გუნდმა თამაში ძალიან ფრთხილად დაიწყო და პირველ ნახევარში მხოლოდ ორი მომენტი შექმნა, ორივე იყო ტაიმის მიწურულს. თუმცა, ჩვენმა ნაკრებმა ორივე შანსი გოლად აქცია.
წიტაიშვილის შორეული გადაცემის შემდეგ გაგუამ პორტუგალიელთა დაცვას ოდნავი არეულობა არ აპატია, კარს მიუახლოვდა და ზუსტად დაარტყა. ტაიმის ბოლოს კი წიტაიშვილის კუთხურის შემდეგ მეტოქის კართან საზონოვი გაიხსნა და შესვენებამდე საქართველოს ნაკრები კომფორტული უპირატესობით, ანგარიშით 2:0 დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლის შემთხვევაში საგოლე გადაცემა გიორგი წიტაიშვილმა შეასრულა.
მეორე ტაიმი პორტუგალიელებმა აგრესიულად დაიწყეს. ამ დროს სვანაძემ საქართველოს ძირითადი ნაკრებიდან დაბრუნებული გოჩოლეიშვილი და აზაროვი შემოიყვანა. მოგვიანებით თამაშში დავითაშვილიც ჩართო. როგორც მოგვიაბით აღმოჩნდა, სვანაძის ამ ტაქტიკურმა სვლამ გაამართა. შეტევაში გოჩოლეიშვილიც აქტიურობდა და საქართველოს ნაკრების იერიშები კიდევ უფრო მწვავე გახდა. შახტარის ქართველმა ლეგიონერმა პორტუგალიელებს წითელი ბარათიც კი მიაღებინა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა და ჯგუფში გალიდერდა.
ჯგუფის მეორე თამაში ნიდერლანდებსა და ბელგიას შორის უგოლოდ, ანგარიშით 0:0 დასრულდა. ჩვენი გუნდი მეორე შეხვედრას 24 ივნისს, საღამოს 8 საათზე ბელგიასთან ჩაატარებს.