„ოდესმე აუცილებლად დასრულდება ეს საზარელი ომი, ჩვენ გერმანიაში დავბრუნდებით და ძველ ცხოვრებას დავუბრუნდებით, ისევ ჩვეულებრივი ადამიანები გავხდებით და აღარ ვიქნებით მხოლოდ ებრაელები“, - წერდა 15 წლის ანა ფრანკი, როცა ოკუპირებული ამსტერდამის გაუსაძლის ცხოვრებას აღწერდა საკუთარ დღიურში და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ სწორედ მისი მოგონებები, ფიქრები და ოცნებები გახდებოდა ნაცისტთა ტერორის, მე-20 საუკუნის ყველაზე სასტიკი დანაშაულის - ებრაელთა გენოციდის ერთ-ერთ მთავარი მტკიცებულება.
აღსანიშნავია, რომ „ანა ფრანკის დღიური“, რომელიც 1947 წელს გამოიცა რომანად, არა მხოლოდ ომგადატანილ ევროპაში იქცა ბესტსელერად, არამედ 70 ენაზე ითარგმნა და იუნესკოს „მსოფლიო მეხსიერების“ ობიექტთა ნუსხაში შევიდა როგორც მეორე მსოფლიო ომის უმიშვნელოვანესი დოკუმენტი.