უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 4 მიმართულებით მოწინააღმდეგის 40 შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.
„მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე. მძიმე ბრძოლები გრძელდება - გასული დღის განმავლობაში 45 საბრძოლო შეტაკება მოხდა“, - აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ინფორმაციით, წუხელ რუსეთის ფედერაციამ ირანული Shahed-ის დრონებით უკრაინის წინააღმდეგ მორიგი სარაკეტო და საჰაერო დარტყმა განახორციელა.
„ინფორმაცია ამ ტერაქტის შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ზუსტდება“, - აცხადებენ გენშტაბში.
ამასთან, უწყების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსები უკრაინას თავს 33 Shahed-ის ტიპის ირანული დრონით, 7 საზენიტო მართვადი რაკეტით და ერთი „ისკანდერ-მ“ სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტით.
„საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა Shahed-ის 30 დრონი გაანადგურეს. გარდა ამისა, მტერმა 83 საჰაერო დარტყმა განახორციელა და ჩვენი ჯარების პოზიციებს და მშვიდობიანი მოსახლეობის დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 58-ჯერ გაუხსნა“, - აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ იმ ადგილებს, სადაც რუსების პირადი შემადგენლობა იყო დისლოცირებული, 9 დარტყმა მიაყენა, 3 დარტყმა კი მტრის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს მიაყენა.
„დამცველებმა ასევე გაანადგურეს მტრის 4 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი. გასული დღის განმავლობაში, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა მართვის 3 პუნქტს, პერსონალის და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ერთ ტერიტორიას, 18 საარტილერიო დანადგარს, საჰაერო თავდაცვის ერთ საშუალებას და მტრის კიდევ 6 მნიშვნელოვანი სამიზნეს დაარტყეს“, - აცხადებენ გენშტაბში.