დინამო ბათუმის 26 წლის ნახევარცველი სანდრო ალთუნაშვილი ავსტრიული ვოლფსბერგერის წევრი გახდა. ბუნდესლიგის კლუბის ოფიციალური განცხადების თანახმად, ქართველ ნახევარმცველთან 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, მისი კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით.
შეგახსენებთ, რომ ალთუნაშვილს კარიერის უმეტესი ნაწილი თბილისურ საბურთალოში (2014-21 წლები) აქვს გატარებული, დინამო ბათუმს კი 2021 წელს შეუერთდა და წინა სეზონში 18 მატჩში 1 გოლი და 6 საგოლე პასი ჰქონდა. მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული.
ავსტრიული ბუნდესლიგის გასულ სეზონში ვოლფსბერგერმა 22 ტურში 21 ქულა მოაგროვა და 12 კლუბს შორის მე-9 ადგილი დაიკავა. 2020-22 წლებში სწორედ ამ გუნდში ირიცხებოდა ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც ამჟამად იტალიური კრემონეზეს წევრია.