ლონდონის ჩელსიმ საფრანგეთის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი კრისტოფერ ნკუნკუ დაიმატა. ფრანგის ლაიპციგიდან ინგლისში ტრანსფერი ჯერ კიდევ იანვარში შეთანხმდა, მაგრამ ამჯერად ოფიციალურად დადასტურდა.
კრისტოფერმა "არისტოკრატებთან" 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბს 1 ივლისიდან შეუერთდება. გერმანულმა გუნდმა 25 წლის ფეხბურთელში 66 მილიონი ევრო მიიღო.
ნკუნკუ ლაიპციგში 2019 წლიდან თამაშობდა. მას შემდეგ მან 172 შეხვედრაში 70 გოლი გაიტანა და გუნდის ლიდერად იქცა. კრისტოფერი პარი სენ-ჟერმენის აკადემიის აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 2016-2019 წლებში 78 თამაშში თავი 11-ჯერ გამოიჩინა.
საფრანგეთის ნაკრებში ნკუნკუს 10 უგოლო მატჩი აქვს ჩატარებული. მას მსოფლიოს ჩემპიონატზეც უნდა ეთამაშა, მაგრამ მუნდიალის დაწყების წინ ერთ-ერთ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და საბოლოოდ განაცხადს მიღმა დარჩა.