2023/24 წლების ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და დინამო თბილისის მეტოქის ვინაობა გაირკვა. საქართველოს ჩემპიონები ევროთასებზე გამოსვლას ასტანასთან დაპირისპირებით დაიწყებენ. გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი გუნდი პირველ მატჩს სტუმრად ყაზახეთის დედაქალაქში გამართავს, საპასუხოს კი - შინ, დინამო არენაზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე ისაუბრეს დინამოს მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა და გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით სხირტლაძემ.
ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე 30 კლუბი 15 წყვილად ითამაშებს, მატჩები კი 11, 12 და 18, 19 ივლისს გაიმართება. წყვილში გამარჯვებული გუნდი გამოსვლას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს, დამარცხებული კი კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს - 13 გუნდი მეორე ეტაპზე, 2 კი მესამე ეტაპზე იქნება.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა შემდეგი სეზონის კონფერენსლიგის მონაწილე სამი ქართული კლუბის: დინამო ბათუმის, გორის დილასა და ქუთაისის ტორპედოს მეტოქეთა ვინაობა.
კონფერენსლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე 62 კლუბი იასპარეზებს, მატჩები კი 13 და 20 ივლისს ჩატარდება. საქართველოს ვიცე-ჩემპიონი დინამო ბათუმი, რომელიც განთესილი იყო, ალბანეთის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორ ტირანას დაუპირისპირდება. გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი პირველ შეხვედრას სტუმრად გამართავს.
საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიოდი გორის დილა სლოვაკეთის ვიცე-ჩემპიონ დუნაისკა სტრედას ეთამაშება. ანდრი დემჩენკოს გუნდი პირველ მატჩს სტუმრად ჩაატარებს.
საქართველოს თასის გამარჯვებული ქუთაისის ტორპედო ბოსნია-ჰერცოგოვინის ლიგის მეოთხეადგილოსან სარაევოს შეხვდება. სტივ კინის გუნდი პირველ თამაშში მასპინძელი იქნება.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულ ლიგაში ამჟამად პაუზაა. გასული 19 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში დინამო ბათუმია 42 ქულით. გორის დილა 34 ქულით მე-5 პოზიციაზეა, ხოლო ქუთაისის ტორპედო 24 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.