მსახიობი ლილი კოლინზის თქმით, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ სერიალის ემილი პარიზში ახალი სეზონი საფრანგეთის ნაცვლად, იტალიაში განვითარდება. ნეტფლიქსმა ცოტა ხნის წინ ახალი ვიდეო გაავრცელა, სადაც მთავარი გმირის შემსრულებელი მსახიობი მე-4 სეზონის სიახლეებზე გვიყვება.
ვიდეოში კოლინზი მე-3 სეზონის ბოლოს განვითარებულ მოვლენებს გვახსენებს — ემილი გადაწყვეტს ალფის დაშორდეს და გაბრიელს თავისი გრძნობები გაუმხილოს, რა დროსაც გაიგებს, რომ კამილი და გაბრიელი შვილს ელოდებიან. კოლინზი გვეუბნება, რომ მე-4 სეზონში გავარკვევთ, რა ბედი ეწევა ალფის, მას შემდეგ, რაც ბოლო ეპიზოდში ემილი მიატოვებს. ასევე, ვიხილავთ, აიღებს თუ არა შეფი გაბრიელი მიშელინის ვარსკვლავს. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს კამილისა და გაბრიელის ნიშნობა, წყვილის ურთიერთობის განვითარებას მე-4 სეზონშიც ვნახავთ და გავიგებთ, შეძლებენ თუ არა საბოლოოდ გაბრიელი და ემილი ერთად ყოფნას. ბუნებრივია, ახალ სეზონში სხვა საყვარელ პერსონაჟებსაც ვიხილავთ, მათ შორის, სილვის, ასევე, გავიგებთ, მიიღებს თუ არა მინდი და მისი ბენდი ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობას.
ვიდეოს დასასრულს ლილი იმასაც გვიმხელს, რომ ემილი პარიზში ამჯერად იტალიიდან გვიბრუნდება და ლამაზ იტალიურ ხედებს, იქაურ მოდას და მეტ დრამას გვპირდება. მსახიობი ამატებს იმასაც, რომ ახალ სეზონში ემილი დაფიქრდება იმაზე, "ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში უნდოდა, არის თუ არა ის, რაც რეალურად სჭირდება". ეს იმას ნიშნავს, რომ წინ ახალი თავგადასავლები გველოდება, მთავარ გმირს კი ბევრი რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.
ჯერჯერობით არ ვიცით, იქნება თუ არა სერიალის ეს სეზონი საბოლოო, თუმცა სერიალის შემქმნელმა, დარენ სთარმა Deadline-თან ინტერვიუში თქვა, რომ "შოუს ცხოვრება ამ სეზონის შემდეგაც გრძელდება" და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ ახალი ეპიზოდებიც წინა სეზონების მსგავს პოპულარობას შეინარჩუნებენ, ემილის შემდეგ წელსაც ვიხილავთ.
ნეტფლიქსს ახალი სეზონის გამოსვლის თარიღი ჯერ არ დაუანონსებია, თუმცა ფანებს აქვთ იმედი, რომ ემილი პარიზში დეკემბერში დაგვიბრუნდება, რადგან წინა ორი სეზონის პრემიერა სწორედ ამ თვეში შედგა.