2023 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოდან რეკორდული ოდენობის ელექტროენერგია გავიდა ექსპორტზე. კერძოდ, იანვარ-მაისში ექსპორტმა 416 მლნ კვტ.სთ შეადგინა, მიღებულმა შემოსავალმა კი 30 მლნ დოლარი. წლის ამ პერიოდში ასეთი მაღალი მაჩვენებელი არასდროს დაფიქსირებულა.საქართველოდან ელექტროენერგია ყველაზე დიდი რაოდენობით თურქეთში გავიდა, შემდეგ პოზიციაზე კი სომხეთია. აზერბაიჯანისა და რუსეთის წილი მიზერულია.
რაც შეეხება იმპორტს, ამავე პერიოდში ქვეყანაში 600 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, 48%-ით ნაკლებია. საგულისხმოა, რომ წელს იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულება საგრძნობლად დაბალია და 766 ათას დოლარს შეადგენს, მაშინ, როცა გასულ წელს დაახლოებით 35 მლნ დოლარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ შარშან თითქმის ორჯერ მეტი ელექტროენერგია შემოვიდა, იმპორტირებულ ღირებულებაში სხვაობა მაინც მკვეთრია. მიახლოებითი დათვლით, 1 მგვტ.სთ ელექტროენერგიის ღირებულება წელს 1.3 დოლარია, შარშან კი 30.1 დოლარს შეადგენდა.
საქსტატზე რეექსპორტის მაჩვენებლები არ ფიქსირდება, თუმცა წელსაც ქვეყანაში ელექტროენერგიის მთავარი შემომტანი რუსეთია, რაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ იმპორტირებული ელექტროენერგია, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა, საქართველოს გავლით აფხაზეთში შევიდა.