საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მზადება დაიწყო. „ბორჯღალოსნები“ „შევარდენის“ ბაზაზე შეიკრიბნენ და პირველი ვარჯიში გამართეს. მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა შეკრებაზე 39 მორაგბე გამიძახა. 39 მორაგბიდან, რომლებიც მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან, 22 მორკინალი და 17 ხაზის მოთამაშეა. თორნიკე კახოიძე და ლუკა ხორბალაძე გუნდს მოგვიანებით შეუერთდებიან, ისინი ამჟამად 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად საამხრეთ აფრიკაში მსოფლიო თასზე სათამაშოდ ემზადებიან.
მათ გარდა, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ, საფრანგეთის ტოპ 14-ის მოთამაშეებს, ბექა საღინაძესა და გურამ გოგიჩაშვილს მწვრთნელმა დასვენების საშუალება მისცა. მცირე ტრავმა აქვს ბექა გიგაშვილს. ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადიან დავით ნინიაშვილი, გიორგი კვესელაძე და ლუკა ჯაფარიძე. საწყის ეტაპზე მათ ჯანმრთელობაზე სამედიცინო ჯგუფის წევრები იზრუნებენ.
შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები С ჯგუფში უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალია იქნებიან. “ბორჯღალოსნები“ 9 სექტემბერს ავსტრალიას დაუპირისპირდებიან, 23 სექტემბერს პორტუგალიას, 30 სექტემბერს ლევან მაისაშვილის გუნდი ფიჯის შეხვდება, 7 ოქტომბერს კი ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში უელსს.