საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის შესახებ განცხადებას ავრცელებენ.
როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ნატო-ს წევრობა არის საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, დემოკრატიის და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების უმთავრესი ინსტრუმენტი.
„ჩვენ, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები: ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს ეროვნული ინტერესებით და საქართველოს კონსტიტუციით; ვადასტურებთ რა საქართველოს და მისი მოქალაქეების ურყევ ნებას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, რაც აისახა: 2002 წლის ნატო-ს პრაღის სამიტიდან არაერთგზის წევრობისკენ სწრაფვის განაცხადით; 2008 წელს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ჩატარებული პლებისციტით და 2017 წელს ნატო-ში გაწევრიანების სწრაფვის კონსტიტუციური მუხლით გამყარებით; ვემხრობით რა საერთაშორისო სამართლის ნორმებზე და პრინციპებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს; ვიზიარებთ რა იმ ფასეულობებს, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ფუნდამენტია; ვითვალისწინებთ რა, რომ კოლექტიური თავდაცვისადმი ნატო-ს წევრი ქვეყნების თანამიმდევრულმა მიდგომამ უზრუნველყო ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა; აღვნიშნავთ რა, რომ ნატო-ს “ღია კარის” პოლიტიკა არის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის დემოკრატიულ გარდაქმნაში; ვეყრდნობით რა ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი; აღვნიშნავთ რა, რომ ნატო-ს უელსის და ვარშავის სამიტების გადაწყვეტილებით საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი; ვითვალისწინებთ რა, რომ ნატო-ს სამშვიდობო მისიებსა და ოპერაციებში მრავალრიცხოვანი და მრავალწლიანი მონაწილეობით, კოსოვო, ერაყი, ავღანეთი, საქართველომ დაამტკიცა, რომ შეუძლია იყოს არა მხოლოდ ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმღები, არამედ მის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი; ერთიანი ვართ საქართველოს ნატო-ში გაწევრების მხარდაჭერაში და ვაცხადებთ შემდეგს: 1.ვადასტურებთ, რომ ნატო-ს წევრობა არის საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, დემოკრატიის და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების უმთავრესი ინსტრუმენტი და ეფუძნება ერთსულოვან, ფართო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მხარდაჭერას; 2.სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას თავისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ; მიგვაჩნია, რომ რუსეთის მიერ პროვოცირებული ომი არის საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ტერორისტული და ღია სამხედრო აგრესიის გაგრძელება; და სამომავლოდ საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გარეშე ვერ იქნება უზრუნველყოფილი საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული მშვიდობა ევროატლანტიკურ სივრცეში; 3.მივესალმებით ნატო-ს განახლებულ სტრატეგიულ კონცეფციას, რითაც დადასტურდა ორგანიზაციის “ღია კარის” პოლიტიკისადმი ერთგულება; გამეორებულ იქნა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება; და რუსეთს უარი ეთქვა შექმნას საკუთარი გავლენის სფეროები და დაამყაროს პირდაპირი კონტროლი მეზობლებზე „ძალადობის, სუბვერსიის, აგრესიისა და ანექსიის გზით“; 4.გამოვხატავთ მადლიერებას ალიანსისა და მისი წევრი სახელმწიფოებისადმი არსებითი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც ნატო-ს მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების გამო, გადაეცეს საქართველოს საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, რაც საშუალებას იძლევა, საქართველომ გაზარდოს მუშაობა „მთლიანობის და მედეგობის შესაქმნელად, განავითაროს შესაძლებლობები და განამტკიცოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა“; 5.მივესალმებით ნატო-ს გადაწყვეტილებას გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშე ფინეთის და უახლოეს მომავალში შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ და მიგვაჩნია, რომ ეს ისტორიული პრეცედენტი გახდება მომავალი წევრების ნატო-ში გაწევრიანების პრაქტიკული განზომილება, მათ შორის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშე ; 6.ხაზგასმით აღვნიშნავთ ვილნიუსის სამიტზე და შემდგომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობას საქართველოს ალიანსში გაწევრებასთან დაკავშირებით და ამ მიზნით კონკრეტულ, პროცედურულ ნაბიჯებზე შეთანხმების აუცილებლობას; 7.გამოვხატავთ მზადყოფნას, გამოვიყენოთ ყველა ხელმისაწვდომი პლატფორმა, საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეების ჩათვლით, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების წინსვლას საბოლოო წევრობის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია განცხადებაში.