კლიმტის უკანასკნელ ნამუშევარს აუქციონზე 80 მილიონ დოლარად გაიტანენ. ავსტრიელი მხატვრის ტილო სოტბის აუქციონზე მიმდინარე თვის ბოლოს, ლონდონში გამოჩნდება. ნახატი უცნობი ქალის პორტრეტს წარმოადგენს, გუსტავ კლიმტის მიერ ის დასათაურებულია სახელით "Dame mit Fächer" (ქალბატონი მარაოთი). ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ტილო კლიმტის სტუდიაში მისი გარდაცვალების შემდეგ, 1918 წელს აღმოაჩინეს. სოტბის სააუქციონო სახლი მას "უკანასკნელ შედევრს" უწოდებს. CNN-ის ინფორმაციით, კლიმტმა ნახატზე მუშაობა 1917 წელს დაიწყო.
საკმაოდ დიდი ზომის ნამუშევარი (1მX1მ) ამჟამად კერძო კოლექციონერის საკუთრებაშია. აღსანიშნავია, რომ კლიმტის ბევრი სხვა ტილოსაგან განსხვავებით, პორტრეტი დაკვეთით არ შესრულებულა, ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი სრულფასოვნად ასახავს მხატვრის შემოქმედებით თავისებურებებსა და მისწრაფებებს. ნახატი პირველად 1994 წელს $12 მილიონად გაიყიდა. მისი ამჟამინდელი ფასი კი მინიმუმ $80 მილიონით განისაზღვრა.