ე.წ. გავრილოვის ღამიდან 4 წელი გავიდა - 2019 წლის 20-21 ივნისს მთავრობამ საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი პროტესტანტების წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი, რაკეტისებრი და რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 240 ადამიანი დაშავდა, აქედან 129 აქციის მონაწილე, 31 ჟურნალისტი და 80 პოლიციელი. ორ ადამიანს რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალის ამოღება დასჭირდა.
აქციის მონაწილეები რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის რუსულ ენაზე წაყვანის მცდელობას აპროტესტებდნენ.