ადვოკატი თემურ ქავშბაიას სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია შეცდომით სხვა ადამიანს. ვიდეოში ისმის, როგორ ამბობს პოლიციელი, რომ სასამართლოს განჩინება აქვთ, რომელსაც ცოტა ხანში გამომძიებელი მიიტანს. ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, ნათქვამია რომ საბოლოო ჯამში ვითარება პოლიციის ხელმძღვანელმა განმუხტა, რომელმაც პოლიციელებს უსაყვედურა.
"ყველამ იცით რომ ჩემს ფეისბუქ გვერდზე მსგავს ვიდეო ჩანაწერს ვერ ნახავთ და არც გამოვირჩევი რადიკალური ან აგრესიული დამოკიდებულებით პოლიციელების მიმართ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა როცა ყველამ უნდა გაიგოს რა მოხდა ჩემ საადვოკატო ოფისთან.მოქალაქე კონსულტაციაზე მოვიდა თანმხლებ პირთან ერთად. გარეთ გამოსულს თავს დაესხნენ პოლიციის თანამშრომლები და უმტკიცებდნენ რომ თითქოს მისი დაკავების განჩინება იყო გამოცემული სასამართლოს მიერ. ვუხსნი მათ, რომ ეს ის პირი არ არის ვისი დაკავებაც სურდათ. ფაქტია რომ სულ სხვა პირი იდგა მათ წინაშე, თუმცა უშედეგოდ.ყველაზე შემაძრწუნებელი კი ამ მოქალაქის შეშინებული თვალები და გამომეტყველება იყო. ვერც კი გაერკვია თუ რა ხდებოდა მის თავს.ოფისის გარე სამეთვალყურეო კამერებით დავადგინე რომ დღეს მთელი დღეა ესენი ჩემს ოფისთან დაძრწიან და ვიღაცას ეძებენ. საქმე იმაშია რომ ეს მასკარადი ამ პოლიციელებმა მოაწყვეს ჩემი საადვოკატო ოფისის წინ! რაც ჩემთვის როგორც ადვოკატისთვის ძალზედ საწყენი და მიუღებელია. მე ამას ვაფასებ როგორც ადვოკატის უპატივცემულობას! მათ ძალიან მარტივად შეეძლოთ სხვა ადგილას სხვა ვითარებაში გამორკვეულიყვნენ.დაე იხილონ თავიანთი თავი პოლიციის იმ თანამშრომლებმა რომლებმაც დღეს ეს უმსგავსო საქციელი ჩაიდინეს. ბოლოს პოლიციის ხელმძღვანელმა განმუხტა სიტუაცია და უსაყვედურა კიდეც მათ რომ ეს მოქალაქე ის არ იყო ვინც უნდა დაეკავებინათ!" - წერს ადვოკატი თემურ ქავშბაია