უეფას ერთა ლიგის 2023 წლის სეზონის მესამე ადგილისთვის მატჩში იტალიის ნაკრებმა მასპინძელი ნიდერლანდები ენსხედეში ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
რობერტო მანჩინის გუნდმა ნახევარფინალში ესპანეთთან წაგების შემდეგ ნიდერლანდებთან რეაბილიტირება მოახერხა. "სკუადრა აძურასთვის" თამაშის სტარტი დიდებული გამოდგა: მე-6 წუთზე ფედერიკო დიმარკომ ეფექტური დარტყმით გახსნა ანგარიში, ხოლო 14 წუთში დავიდე ფრატეზიმ სხვაობა ორამდე გაზარდა და ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა. პირველ ნახევარში იტალია უშეცდომოდ თამაშობდა, ამიტომაც, ორბურთიანი უპირატესობა დამსახურებულად ჰქონდა.
მეორე ნახევარში რონალდ კუმანის გუნდი უკეთ ათამაშდა. მასპინძლებმა სტივენ ბერგვაინის გოლით ჩამორჩენა შეამცირეს და თამაშიც დაიძაბა, მაგრამ 4 წუთში სტუმრებმა ორბურთიანი უპირატესობა დაიბრუნეს. ფედერიკო კიეზამ შეძლო თავის გამოჩენა, რომელმაც იტალიის ნაკრების მაისურით 2021 წლის 5 სექტემბრის შემდეგ გოლი პირველად გაიტანა. "ნარინჯისფრებმა" მაინც გაიბრძოლეს, როდესაც 89-ე წუთზე ჟორჟინიო ვეინალდუმმა ანგარიში 2:3 გახადა, მსაჯმაც თამაშს 10 წუთი დაამატა, მაგრამ არაფერი შეცვლილა.
იტალიის ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორედ დაიკავა მე-3 ადგილი, ხოლო მასპინძელი ნიდერლანდები მხოლოდ მე-4 ადგილს დასჯერდა. ერთა ლიგის ფინალი დღეს, როტერდამში, ესპანეთისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გაიმართება.