ფორმულა 1-ში კანადის გრან პრი „რედ ბულის“ ნიდერლანდელმა პილოტმა, მაქს ფერსტაპენმა მოიგო. ავსტრიული გუნდისთვის ეს უკვე მერვე გამარჯვებაა მიმდინარე სეზონში ჩატარებული რვა რბოლიდან.
პოულ პოზიციაზე რბოლას სწორედ ფერსტაპენი იწყებდა, მეორეზე ფერნანდო ალონსო („ასტონ მარტინი“) იყო, ხოლო მესამე პოზიციას ლუის ჰემილტონი („მერსედესი“) იკავებდა. სტარტზე ბრიტანელმა ალონსოს სწრაფადვე გადაასწრო და ნიდერლანდელს უკან ამოუდგა.
მე-12 წრეზე „მერსედესის“ პილოტი ჯორჯ რასელი კედელს შეეჯახა, რის გამოც ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. პილოტების უმეტესობა პიტ სტოპზე შევიდა, რის შემდეგაც ლიდერთა სამეულში კვლავ შეიცვალა მოცემულობა – ამჯერად ალონსომ გადაასწრო ჰემილტონს, ფერსტაპენი კი კანადის გრან პრის 70-ივე წრის მანძილზე ლიდერობდა და კარიერაში 41-ე რბოლა მოიგო (მეექვსე ამ სეზონში), რითიც ლეგენდარულ აირტონ სენას დაეწია და საერთო ჩათვლაში მასთან მეხუთე ადგილს იყოფს. მეორეზე ალონსო გავიდა, მესამეზე – ჰემილტონი.
კანადის გრან პრიზე გამარჯვება „რედ ბულისთვის“ მე-100 იყო თავის ისტორიაში. 2005 წელს შექმნილი გუნდი ამ მაჩვენებლით კონსტრუქტორთა შორის მეხუთე ადგილზეა. ყველაზე მეტი გამარჯვება ფორმულა 1-ში „ფერარის“ პილოტებს აქვთ მოპოვებული – 242.
მომდევნო ეტაპი 2 ივლისს ავსტრიაში, „რედ ბულ რინგზე“ გაიმართება.