მიმდინარე წლის ერთა ლიგის გამარჯვებული ესპანეთის ეროვნული ნაკრები გახდა. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა ტურნირის ფინალში პენალტების სერიაში ხორვატიის ნაკრები დაამარცხა. ფინალამდე ესპანელებმა იტალიის ეროვნულ გუნდს ანგარიშით 2:1 მოუგეს, ხოლო ხორვატიის ნაკრებმა ოთხთა ფინალის მასპინძელი ნიდერლანდები ანგარიშით 4:2 დაამარცხა და შანსი ჰქონდა, ისტორიაში პირველი დიდი ტიტული მოეგო.
ფინალური შეხვედრა ძალიან დაძაბული და მძიმე გამოდგა. გუნდები ზედმეტად არ რისკავდნენ, ფეხბურთელები ძირითადად ერთმანეთის შეცდომებს ელოდნენ. საბოლოოდ, როგორც ძირითადი, ისევე დამატებითი დრო 0:0 დასრულდა. ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა.თერთმეტმეტრიანებში ესპანელთაგან ნიშნულიდან ხოსელუმ, როდრიმ, მერინომ, ასენსიომ და კარვახალმა გაიტანეს, ხოლო თავისი პენალტი „მანჩესტერ სიტის“ მცველმა, ემერიკ ლაპორტმა ვერ გაიტანა. ხორვატების მხრიდან ზუსტად შესრულება ვლასიჩმა, ბროზოვიჩმა, მოდრიჩმა და პერისიჩმა მოახერხეს. ესპანეთის ნაკრების მეკარემ, უნაი სიმონმა მაიერისა და პეტკოვიჩის დარტყმები მოიგერია.
შედეგად, ესპანეთი 11 წლის შემდეგ პირველად დაეუფლა ტიტულს, ბოლოს მათ 2012 წელს უკრაინასა და პოლონეთში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი მოიგეს. ერთა ლიგის 2022/2023 წლის სეზონში მესამე ადგილი იტალიამ მოიპოვა, რომელმაც ბრინჯაოს მედლებისთვის შეხვედრაში ნიდერლანდები 3:2 დაამარცხა.