ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის აზრით, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი დაჩქარების გარეშე უნდა განვითარდეს. ამის შესახებ Welt-ი იუწყება.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ომის დასრულებისთვის მისაღები პირობები მხოლოდ და მხოლოდ უკრაინამ უნდა განსაზღვროს. მან ასევე აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმება რუსეთის მხარის მიერ ნაკარნახევი არ უნდა იყოს.
"ყველას გვინდა, რომ ეს ომი დამთავრდეს. მაგრამ იმისთვის, რომ მშვიდობა ხანგრძლივი იყოს, ის სამართლიანი უნდა იყოს. მშვიდობა კონფლიქტის გაყინვას და რუსეთის მიერ ნაკარნახევი შეთანხმების მიღებას არ ნიშნავს”, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
„უკრაინის სამხედრო წარმატება განამტკიცებს მის პოზიციას მოლაპარაკებების პროცესში: რაც უფრო მეტი ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებას შეძლებს უკრაინა, მით უფრო დიდი შანსი ექნება მას სამართლიანი და მყარი მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკებათა მაგიდასთან", - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.
მანამდე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ მოთხოვნები უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებელი შეწყვეტის შესახებ ვერ იქნება მიზანშეწონილი, რადგან ეს რუსეთის წარმატებას ნიშნავს.