უკრაინის კონტრშეტევის დროს ყველაზე მძიმე ბრძოლები სამ უბანზე აღინიშნება. რუსეთის ჯარში დიდი დანაკარგებია. ინფორმაციას ამის შესახებ Twitter -ში დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეტაკების ხაზებზე მძიმე ბრძოლები გრძელდება, მათგან ყველაზე ინტენსიური კი - ზაპოროჟიეს ოლქში, დონეცკის ოლქის დასავლეთ რაიონებში და ბახმუტთან.
"ყველა ამ მიმართულებით უკრაინა აგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას და მიაღწია მცირე წარმატებას ", - დასძინეს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.
ასევე აღინიშნა, რომ უკრაინის სამხრეთის ნაწილში რუსული ჯარები შედარებით ეფექტურ თავდაცვით ოპერაციებს ახორციელებენ.
"ორივე მხარეს დიდი დანაკარგები აქვს. ამასთან, დიდი ალბათობით, მარტში გამართული ბახმუტისთვის ბრძოლის პიკის შემდეგ რუსეთის ჯარების დანაკარგები ყველაზე მაღალი იქნება", - აცხადებენ დიდი ბრიტანეთის დაზვერვაში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა უკვე 219 820 რუსი სამხედრო გაანადგურეს, 650 – მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში.