თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ მილანს მე-2 საშინაო მატჩიც მოუგო და იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა, თუმცა კი, თავს დიდი ნერვიულობა გადახდა.
საქმე ის გახლავთ, რომ ბოლო მეოთხედის სტარტზე ბოლონიელები 18 ქულით დაწინაურდნენ (67:49) და თითქოს ყველაფერი გარკვეული იყო, მაგრამ მილანელებმა საოცარი სპურტი მოაწყვეს და მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა მოახერხეს - 76:76.
გამარჯვებულის გამოვლენა ვერც პირველ დამატებით ხუთწუთეულში მოხერხდა, მე-2 ოვერტაიმის ბოლოსკენ კი მაინც ვირტუსმა იმარჯვა და საბოლოოდ, 93:89 მოიგო.
თორნიკე შენგელიამ 37 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი მიითვალა
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 37 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. შენგელიამ 9-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
ვირტუსს 18-18 ქულით მარკო ბელინელიმა და ჯორდან მიკიმ ულიდერეს, ხოლო მილანის რიგებში საუკეთესო შევონ შილდსი იყო 26 ქულით.
შეგახსენებთ, რომ ფინალში ანგარიში 2:2 გახდა, ახლა კი, სერია ისევ მილანში გადაინაცვლებს. მომდევნო მატჩი 19 ივნისს არის დაგეგმილი, დაპირისპირება კი ოთხ მოგებამდეა.