საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას 17 ივნისს, კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ, ლარნაკაში გამართავს. მატჩამდე ერთი დღით ადრე, გუნდებმა თამაშის მასპინძელ აეკ არენაზე ივარჯიშეს. საქართველოს ნაკრების საწვრთნელ პროცესში 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
„ხვალინდელი თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ და ჯგუფში გავიმყაროთ მდგომარეობა, საიდანაც გვექნება მეორე ადგილისთვის ბრძოლის შანსი. ახლა მხოლოდ კვიპროსთან თამაშზე ვფიქრობთ. მოსამზადებელი პერიოდი კარგად გამოვიყენეთ, ყველა ჯანმრთელადაა, ყველა მზად არის სათამაშოდ და ვფიქრობ საინტერესო მატჩი უნდა გამოვიდეს“, - განაცხადა „ჯვაროსნების“ კაპიტანმა, გურამ კაშიამ.
"მნიშვნელოვანი სეზონი იყო, ბევრი გოლი გავიტანე, ლიგა ერთში გადავედი მეცთან ერთად. ახლა ნაკრებში ვარ, რომ საქართველოს დავეხმარო და მოვიგოთ თამაშები", - აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ კვიპროსი - საქართველოს მატჩი დღეს, 17 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.