აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მხარს უჭერს ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის წინადადებას, რომ უკრაინას არ სჭირდება „წევრობის სამოქმედო გეგმის“ (MAP) განხორციელება ალიანსში გასაწევრიანებლად. ამის შესახებ Axios-ი ჯო ბაიდენსა და იენს სტოლტენბერგს შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროების ცნობით, სამშაბათს თეთრ სახლში, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე, სტოლტენბერგმა წამოაყენა წინადადება, რომ უკრაინამ გაწევრიანების გზაზე პროგრესს მიაღწია და არ დასჭირდება მაპ-ის პროცესის ეტაპობრივად დასრულება, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის სხვა წევრებმა გაწევრიანებამდე გაიარეს.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, ბაიდენი ეძებს საკითხის კომპრომისულ გადაწყვეტას, რომელსაც ნატო-ს ყველა მოკავშირე დაეთანხმება. ჯერჯერობით უცნობია, დააკმაყოფილებს თუ არა ეს ფორმულირება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ნატო-ს წევრებს.
შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი აგრძელებს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერას და დასძინა, რომ თითოეულ ქვეყანას საკუთარი გზა აქვს ალიანსში გაწევრიანებისკენ.