ამერიკელი მომღერლის, ბიონსეს გადაწყვეტილებამ მსოფლიო ტურნე Renaissance სტოკჰოლმში დაწყების შესახებ, შვედეთში ინფლაციის დონეზე იმოქმედა. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
გაზეთის ინფორმაციით, ბიონსეს პირველი ორი კონცერტი შვედეთის დედაქალაქში 11 და 12 მაისს გაიმართა. შოუებს სულ მცირე 46 ათასი ადამიანი დაესწრო - ბევრი მათგანი შვედეთში სპეციალურად კონცერტებზე დასასწრებად ჩავიდა, რამაც, თავის მხრივ, გავლენა იქონია ფასებზე სასტუმროებსა და რესტორნებში.
ტურისტების ნაკადს გავლენა ჰქონდა ქვეყანაში ინფლაციის დონეზე, რომელმაც მაისში 8,2% შეადგინა, თუმცა შვედეთის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, ეს მაჩვენებელი 8,1%-ზე უნდა ყოფილიყო, Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები კი ვარაუდობდნენ, რომ ინფლაცია 7,8%-მდე შემცირდებოდა.
„ამ სიურპრიზზე პასუხისმგებელი ბიონსეა. ეს გამაოგნებელი მაჩვენებელია ერთი ღონისძიებისთვის. ასეთი რამ ადრე არ გვინახავს“, - განაცხადა Danske Bank-ის მთავარმა ეკონომისტმა მაიკლ გრანმა.
ექსპერტების ვარაუდით, ბიონსეს კონცერტებით გამოწვეული ეფექტები ივნისის განმავლობაში განეიტრალდება.