როგორც უკვე ბევრმა თქვენგანმა იცის, პიქსარის დაუვიწყარი ანიმაციის Up-ის კარლი ახალი ისტორიით ბრუნდება. კარლისა და ელის სიყვარულის ისტორიამ წლების წინ ყველას შეგვაყვარა თავი და ბევრიც გვატირა, 14 წლის შემდეგ კი ჩვენი საყვარელი გმირი პირველ პაემანზე მიდის!
ანიმაცია კარლის პაემნის ტრეილერში ვხედავთ, რომ კარლი მის საყვარელ ძაღლ დაგთან ერთად ახალ სასიყვარულო თავგადასავალში აპირებს გადაშვებას.
"მის მეიერს მოვწონვარ და უნდა, რომ პაემანზე წავიდეთ, მე კიდევ პაემნებზე სიარულის არაფერი გამეგება!" — ეუბნება გმირი ერთგულ ცუგას.
სიუჟეტიც სწორედ კარლის ახალი სასიყვარულო ისტორიის გარშემო ვითარდება, როდესაც პერსონაჟი პაემანზე წასვლას თანხმდება, თუმცა წარმოდგენა არ აქვს, როგორ მოიქცეს. დაგიც, რომელსაც პატრონის დახმარება სულაც არ ეხალისება, აქტიურადაა კარლის სამზადისში ჩართული — ხან ბაღიდან ყვავილების დაკრეფაში ეხმარება, ხან ჭკვიანურ რჩევებს აძლევს.
ანიმაციის პრემიერა 16 ივნისს, პიქსარის Elemental-თან ერთად იგეგმება. ოფიციალურ პოსტერზე კარლი ყვავილებით ხელში ერთგულ ცუგასთან ერთადაა გამოსახული.
მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია ჩვენი საყვარელი გმირის გარდა მის გამხმოვანებელსაც ეძღვნება — ედ ასნერი 2021 წელს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, როგორც რეჟისორი, ბობ პეტერსონი ამბობს, კარლის პერსონაჟს ახალ ანიმაციაშიც ასნერი ახმოვანებს — გუნდმა მსახიობთან ერთად ფილმზე მუშაობა მის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დაასრულა.
როგორც ჩანს, ცხვირსახოცების მომარაგება მოგვიწევს.