თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიის მესამე თამაშში ოლიმპია მილანოსთან საკუთარ მოედანზე ჩაატარა და გამარჯვება იზეიმა - 69:61. ბოლონიელებმა სერიაში ანგარიში შეამცირეს - 1:2.
ვირტუსის 31 წლის ქართველმა მძიმე ფორვარდმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე კი ჯამში 24 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ პერიმეტრიდან 3-ჯერ არაზუსტად ისროლა, საშუალო დისტანციიდან კი 3-იდან 2 ჩააგდო. საკუთარ ფარზე ბურთი 6-ჯერ მოხსნა, მეტოქისაზე - 3-ჯერ და მოხსნების რაოდენობით ორივე გუნდში საუკეთესო იყო. მის ანგარიშზე ასევე 2 დაკარგვა და 2 ფოლი იყო. თოკოს პლუს-მინუს კოეფიციენტმა 11 შეადგინა, რაც ვირტუსში მესამე მაჩვენებელია.
პირველ მეოთხედში უკეთესი მილანი იყო, მაგრამ მეორეში ვირტუსმა შეძლო ანგარიშში წინ გასვლა და უპირატესობა საფინალო სირენამდე აღარ დათმო. მასპინძელთა რიგებში საუკეთესოები დანიელ ჰაკეტი (13 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი) და მილოშ ტეოდისიჩი (12 ქულა, 3 მოხსნა, 7 პასი) იყვნენ. მოედანზე შედეგიანობით მილანელთან ამერიკელი უკანახაზელი ბილი ბარონი გამოირჩა, რომელმაც თამაში 15 ქულით დაასრულა.
სერიის მეოთხე დაპირისპირებაც ბოლონიაში, 16 ივნისს ჩატარდება. სერია ოთხ მოგებამდე გრძელდება, მოედნის უპირატესობა კი მილანელთა მხარესაა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ორივე გასულ შეხვედრაში გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შენგელიამ პირველ მატჩში 16 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა, მეორეში კი - 17 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი.