საქართველოს პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა. ბოლო ოფიციალური ღონისძიება, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა, კულტურის საერთაშორისო ფესტივალი და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება იყო.
სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ძალ-ღონეს არ იშურებს წლის ბოლომდე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის და საქართველოს დასავლური ინტეგრაციის სრულიად ახალი ეტაპის დაწყებისთვის.
საუბარი შეეხო რუსეთ-უკრაინის ომსა და გლობალური გამოწვევების წინაშე მყოფ თავისუფალ სამყაროს. პრემიერის თქმით, საქართველო მტკიცედ დგას ამ თავისუფალი სამყაროს გვერდით, უკრაინასთან და უკრაინელ ხალხთან.