მწერალმა ტომ სენქტონმა, რომელიც ყოველთვის ყურადღებით ადევნებდა თვალს ბეტანკურების ცხოვრებას, ერთ-ერთ საგაზეთო პუბლიკაციაში აღნიშნა, რომ ‘’L'Oreal-ის გიგანტური იმპერიის მფლობელი ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი ყოველთვის იზოლირებული, თითქოს საკუთარ ჭუპრში ცხოვრობდა და უზარმაზარი პასუხისმგებლობის მიუხედავად, მაინც არასდროს ინტერესდებოდა სამყაროში მიმდინარე მოვლენებით’’.
სენქტონი სწორი აღმოჩნდა. მილიარდიანი ქონების მემკვიდრე მართლაც კარჩაკეტილი ცხოვრების წესს მისდევს, რადგან ელიტარულ წვეულებებსა და რეპორტიორებისთვის პოზირებას, წიგნის კითხვა და ფორტეპიანოზე დაკვრა ურჩევნია. მეტიც, მადამ ბეტანკურმა, რომელიც ყოველთვის იშვიათი ინტელექტითა და ერუდიციით გამოირჩეოდა, ექვსი წიგნის - ბიბლიის კვლევის ხუთტომეულის და მოცულობითი ნაშრომის გამოცემა მოასწრო ძველბერძნული მითოლოგიის გენეალოგიაზე.
თითქმის 40-მილიარდიანი ქონების დედისგან მემკვიდრეობით მიღების შემდეგ, ფრანსუაზამ არა მხოლოდ შეინარჩუნა, არამედ ორჯერ გაზარდა ოჯახის კაპიტალი და 2023 წლის მარტის თვეში მსოფლიოს უმდიდრესი ქალბატონი გახდა, თუმცა პრინციპებს მაინც არ უღალატა და საჯარო ცხოვრებას ისევ საკუთარ სამყაროში დარჩენა ამჯობინა.
კოსმეტიკური კომპანია L'Oreal ფრანსუაზას ბაბუამ ეჟენ შულერმა დააარსა, რომელსაც მშობლებმა - საკუთარი საკონდიტროს მფლობელმა შეძლებულმა პარიზელებმა, ბრწყინვალე განათლების მიღების საშუალება მისცეს ჯერ კოლეჯში, მერე კი, გამოყენებითი ქიმიის ინსტიტუტში. სწავლის დასულების შემდეგ ეჟენი სორბონას უნივერსიტეტის ლაბორატორიაში მოეწყო სამუშაოდ და ალბათ სიცოცხლის ბოლომდე იქ დარჩებოდა, რომ არა იღბლიანი შემთხვევა.
შულერს სადალაქოს მფლობელმა მიმართა, რომელმაც სპეციალური ხსნარის შემუშავება სთხოვა თმის შესაღებად. აღსანიშნავია, რომ 1900-იან წლებში ფრანგი ქალბატონები ძალიან იშვიათად იღებავდნენ თმას, რადგან საღებავს უფრთხოდნენ ტყვიის შემადგენლობის გამო. მართალია, ეჟენი მეტად რთული მისიის წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ ბრწყინვალედ გაართვა თავი დავალებას და საღებავის სრულიად ახალი ფორმულა შეიმუშავა. სწორედ ნოვატორულმა აღმოჩენამ უბიძგა ახალგაზრდა ქიმიკოსს უსაფრთხო თმის საღებავის წარმოების საკუთარი კომპანიის დაარსებისკენ, რომელმაც მოგვიანებით L'Oréal-ის სახელი შეიძინა.
მართალია, 1930-იანი წლების ‘’დიდი დეპრესიის’’ დროს, დასაქმებულთა ფიქსირებული და საათობრივი ხელფასის გაუქმებით და შესრულებული სამუშაოს პროპორციული ანაზღაურების შემოღებით, შულერმა მინიმუმამდე შეამცირა L'Oréal-ის ზარალი, მაგრამ გაკოტრებისგან მაინც გერმანელ ნაცისტებთან მეგობრობამ გადაარჩინა, რომელთაც ჯერ საკუთარ ოფისს უთმობდა საიდუმლო შეხვედრებისთვის, მერე ფინანსურად ეხმარებოდა.
მეტიც, შულერის საგადასახადო დეკლარაციები ნათლად მოწმობენ, რომ 1940-1943 წლებში L'Oréal-ის სუფთა შემოსავალი ათჯერ გაიზარდა და 2,3 მილიონ ფრანკს გადააჭარბა. არნახულ ფინანსურ წარმატებას ისტორიკოსები შულერის ნაცისტებთან, პირველ რიგში ჰელმუტ კნოჰენთან მეგობრობას მიაწერენ, რომელიც ფრანგი ებრაელების სიკვდილის ბანაკებში დეპორტაციას და ნაცისტურ ტერორს ხელმძღვანელობდა საფრანგეთში.
ფრანსუაზას მშობლებმა ერთმანეთი მეორე მსოფლიო ომის დროს გაიცნეს, თუმცა უხერხული ნაცნობობის გახსენებას ორივე მაქსიმალურად ერიდებოდა. ახალგაზრდა ანდრე ბეტანკური, რომელიც ანტისემიტურ სტატიებს წერდა გაზეთისთვის La Terre Française, იმ საიდუმლო ნაცისტური კომიტეტის წევრი იყო, რომელიც L'Oréal-ის პარიზულ ოფისში იკრიბებოდა. მართალია, მოკავშირეების ნორმანდიაში გადმოსხმის შემდეგ ბეტანკური საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობას მიემხრო, მაგრამ ბოროტი ენების მტკიცებით, ნაცისტური ფასეულობები მაინც ომის დასრულებამდე შეინარჩუნა.
1950 წელს ბეტანკურმა ეჟენ შულერის ქალიშვილი ლილიანი გაიცნო და რამდენიმე თვეში იქორწინა, 1953 წელს კი, მეუღლეებს ერთადერთი შვილი - ფრანსუაზა შეეძინათ. ანდრემ წარმატებული პოლიტიკური კარიერა გაიკეთა და ჯერ შარლ დე გოლის მინისტრთა კაბინეტში მსახურობდა, მერე ჟორჟ პომპიდუს მთავრობაში, ლილიანამ კი, მამის ბიზნესი განავითარა და მალე ‘’მთელი საფრანგეთის ეროვნულ მონაპოვრად’’ აქცია.
რესპექტაბელურ ოჯახში გაზრდილმა ფრანსუაზამ კერძო კათოლიკურ სკოლაში მიიღო განათლება, სამეცნიერო ხარისხი კი, მეტად რთულ თემაზე - ქრისტიანებისა და ებრაელების საერთაშორისო ურთიერთობაზე დაიცვა. თუმცა, ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევები, რომლითაც ფრანსუაზა ინტერესდებოდა ახალგაზრდობაში, აბსოლუტურად მიუღებელი და უსარგებლო აღმოჩნდა ლილიანასთვის, ვისთვისაც ბევრად მნიშვნელოვანი იყო ელიტარულ საზოგადოებაში ძვირადღირებული სამოსითა და სამკაულით თავის მოწონება.
მართალია, მამის მოუცლელობის გამო ფრანსუაზამ მთელი ბავშვობა დედის მეურვეობით გაატარა, მაგრამ განსხვავებული ტემპერამენტისა და ცხოვრების წესის, ფასეულობებისა და ინტერესების გამო მაინც ვერ შეძლო მასთან საერთო ენის გამონახვა, მით უფრო, რომ ყოველთვის მოკრძალებულ სამოსს ირგებდა და მაქსიმალურად გაურბოდა ხალხმრავალ შეკრებებს, საიუველირო ნაკეთობების თვალიერებას კი, წიგნის კითხვა და ფორტეპიანოზე ახალი ნაწარმოების შესწავლას ერჩივნა, რაც საშინლად აღიზიანებდა არისტოკრატ ლილიანას.
უფროსი ბეტანკურების წარსული 1984 წელს გაიხსენა პრესამ, როცა ფრანსუაზა ჟან-პიერ მაიერსს - L'Oréal-ის თანამშრომლის შვილსა და აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპული რაბინის შვილიშვილს გაჰყვა ცოლად. ‘’რა თქმა უნდა, ჩემს მშობლებს ერჩივნათ კათოლიკეს ცოლი გავმხდარიყავი, მაგრამ მაინც კმაყოფილები არიან, რადგან მე ვარ ბედნიერი’’, აღნიშნა ფრანსუაზამ, თუმცა იცრუა, რადგან კიდევ უფრო დამძიმდა ისედაც დაძაბული ურთიერთობა დედასთან, რისი მიზეზი ისევ ჟან-პიერი გახდა, რომელიც ჯერ კომპანიის დირექტორთა საბჭოში გაწევრიანდა, 1994 წელს კი, თავმჯდომარის მოადგილის პოსტი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ თავად ფრანსუაზა მხოლოდ 1997 წელს შეუერთდა საბჭოს, მანამდე კი, ნაკლებად ინტერესდებოდა კომპანიის მიღწევებით, მაშინ როცა ლილიანმა სწორედ L'Oréal აქცია საკუთარი ცხოვრების აზრად, რაც არცაა გასაკვირი, რადგან 15 წლიდან ეხმარებოდა მამას და მონდომებით აკრავდა ეტიკეტს შამპუნის ფლაკონებს, 35 წლისამ კი, საკუთარ ხელში აიღო ბიზნესის მართვა.
ახალი ეტაპი დედა-შვილის ურთიერთობაში 2007 წელს, ანდრე ბეტანკურის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ფრანსუაზა წლების მანძილზე ითმენდა ლილიანის თავქარიანობას, რომელიც უზარმაზარ თანხას ხარჯავდა მეგობარი ფოტოგრაფის ფრანსუა-მარი ბანიეს საჩუქრებზე და საბოლოოდ სასამართლოს მიმართა. საერთო ჯამში ოჯახურმა ბიზნესმა 1,3 მილიარდი დოლარით იზარალა, 262-მილიონიანი სადაზღვევო პოლისის, პაბლო პიკასოს, ანრი მატისის და პიტ მონდრიანის ნამუშევრების ჩათვლით. ამასთანავე, ბანიეს, როგორც სამხატვრო კონსულტანტს კონტრაქტი ჰქონდა L’Oréal-თან გაფორმებული და ყოველ წელს იღებდა ჰონორარს - 700 ათას ევროს.
მართალია, სანამ მამა ცოცხალი იყო, ფრანსუაზა მაქსიმალურად ერიდებოდა ოჯახური საქმის გახმაურებას, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ მიხვდა, რომ დრო იყო ბიზნესის გადარჩენაზე ეზრუნა და ბანიე ლილიანის ნდობის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.
აღსანიშნავია, რომ ბანიე მადამ ბეტანკურმა ჯერ კიდევ 1987 წელს გაიცნო ჟურნალ Égoïste-ის ფოტოსესიაზე და არა მხოლოდ დაუმეგობრდა, არამედ მასზე მეურვეობაც საკუთარ თავზე აიღო, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სასამართლო პროცესზე სწორედ მისი პოზიცია გაიზიარა, ქალიშვილს კი, მემკვიდრეობის ჩამორთმევით დაემუქრა. საქმის გარჩევა რამდენიმე წელი გაგრძელდა, მთავარ მტკიცებულებად კი, აუდიოჩანაწერი იქცა, რომელმაც დაადასტურა, რომ ლილიან ბეტანკურს, რომელმაც ჯერ დაიჩივლა, რომ ბანიე ზედმეტად ბევრს ითხოვდა, მერე კუნძული უსახსოვრა და თვითონვე გაიკვირვა, ბოლოს კი, მისი შვილება და ერთადერთ მემკვიდრედ გამოცხადება მოინდომა, ძალიან უჭირდა საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება.
მართალია, ლილიანი მისივე განცხადებით, ‘’ბირთვული ომისთვის’’ მოემზადა და ყველას შეუპოვარ ბრძოლას შეჰპირდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა და L’Oréal-ის ფინანსების განკარგვის უფლება დაკარგა. აღსანიშნავია, რომ გამოძიება და სასამართლო პროცესი, პირველ რიგში სწორედ ლილიანის სიჯიუტით გაჭიანურდა, რომელიც კატეგორიულად უარობდა ქალიშვილის მიერ მოთხოვნილი სამედიცინო კვლევის ჩატარებას ფსიქიკური ჯანმრთელობისა და შერაცხადობის დასადგენად. საბოლოოდ ლილიანს მაინც მოუწია მოთხოვნის შესრულება, სამედიცინო ექსპერტიზამ კი, არა მხოლოდ ალცჰეიმერის დაავადების, არამედ დემენციის დიაგნოზიც დაუსვა. სწორედ ამგვარი დასკვნის შემდეგ დააკმაყოფილა მოსამართლემ ფრანსუაზას სარჩელი და უფროს შვილთან ერთად გადასცა დედაზე მეურვეობა, ფოტოგრაფ ბანიეს კი, პატიმრობა მიუსაჯა.
L'Oréal-ის იმპერიის მემკვიდრე ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი აქციების 33 პროცენტის და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ინვესტორებისთვის 2016 წელს მის მიერვე შექმნილი ფონდის Téthys Invest მფლობელია. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, ფონდის პირველ მსხვილ შენაძენად Elsan-ის კერძო კლინიკების ქსელის მინორიტარული აქციების პაკეტი იქცა, რასაც ერთი წლის შემდეგ კომპანიის Galileo Global Education-ის 20 პროცენტის შესყიდვა მოჰყვა, რომელიც 30-მდე მოდის, დიზაინის სკოლას და ბიზნეს-კოლეჯს ფლობს ევროპის ქვეყნებში.
ამასთანავე, სწორედ 2018 წელს მიაღწია L'Oréal-ის გაყიდვებმა მაქსიმუმს უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, რისი წყალობით ბეტანკურ-მაიერსმა 7 მილიარდით გაზარდა საკუთარი კაპიტალი და 15 პოზიციით შევიდა პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ნუსხაში, თუმცა მიღწეულით არ დაკმაყოფილდა, 2021 წელს ბეტანკურის ქონებამ 73 მილიარდს, 2023-ში კი, 80 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა L’Oréal Luxe-ის სეგმენტში გაერთიანებულმა ყველა ბრენდმა Lancôme-ს, Vichy-ს, Yves Saint Laurent-ისა და Giorgio Armani-ს ჩათვლით, რომელთა შემოსავლის ყოველწლირმა ზრდამ 10 პროცენტი შეადგინა. საგულისხმოა, რომ ფრანსუაზას წყალობით L’Oréal-მა არა მხოლოდ აზიურ, მეტწილად ჩინურ ბაზარზე გაიმყარა პოზიცია, არამედ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში დასავლეთ ევროპის ბაზარზე შექმნილი კრიზისიც პრაქტიკულად ზარალის გარეშე დაძლია.
კოსმეტიკური ბრენდი არც თანამედროვე მოთხოვნებს ჩამორჩა. ინტერნეტით გაყიდვების საშუალება L’Oréal-მა კანადური კომპანიის Modi Face-ის შეძენით მიიღო, რომელიც მეტწილად ბრენდის პროდუქციის Digital- ფორმატით გაყიდვითაა დაკავებული. აღსანიშნავია, რომ ონლაინ-გაყიდვებმა პირველსავე წელს 34 პროცენტი შეადგინა, რაც ანალიტიკოსების შეფასებით მეტად შთამბეჭდავი მაჩვენებელი აღმოჩნდა.
* ქველმოქმედება -
გიგანტი იმპერიის პარალელურად ფრანსუაზა მეუღლესთან ერთად ხელმძღვანელობს საქველმოქმედო ფონდს, რომლის დირექტორის ფუნქციას მისი უმცროსი შვილი ნიკოლა ასრულებს. ფონდის ბიუჯეტი - წელიწადში 250 მილიონი ევრო მეტწილად სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო, სოციალურ და ჰუმანიტარულ, კულტურისა და ხელოვნების პროექტებს აფინანსებს და აქტიურად ეხმარება მეცნიერებს ბიომედიცინის სფეროში, რომელთაც ყოველ წელს ე.წ. ‘’ცხოვრების მეცნიერების’’ პრემიით აჯილდოებს.
‘’სათვალის მძიმე შავი ჩარჩო და სწორი თმა, დანაოჭებული სახე და მოკრძალებული მუქი ფერის სამოსი’’, - სწორედ ასე ახასიათებს პრესა ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსს, რომლის პორტრეტი ნაკლებად ჰგავს მილიარდების მფლობელ ქალბატონს. მეტიც, თავად ფრანსუაზაც ხშირად აღნიშნავს, რომ ნაკლებად კაპრიზულია და ნამდვილი ბედნიერება მხოლოდ წიგნებსა და მუსიკაში პოულობს.
რა თქმა უნდა, ლილიანის გარდაცვალების შემდეგ გვარიანად დაფრთხნენ L'Oreal-ის აქციონერები, რადგან წარმოდგენა არ ჰქონდათ რამდენად შეძლებდა უმცროსი ბეტანკური კომპანიის გაძღოლას, თუმცა ყველა გაოცდა, როცა ფრანსუაზამ მმართველობის პირველსავე წელს დაჯაბნა დედა საკუთარი ნიჭის, ალღოსა და გონებაგამჭრიახობის წყალობით.
დღეს L'Oreal მეორე კომპანიაა საფრანგეთში თავისი მასშტაბით, ფასით და მხოლოდ ნავთობის გიგანტს Total Fina Elf-ს ჩამორჩება. ამასთანავე, სწორედ L'Oreal-ს ეკუთვნის ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი კოსმეტიკური პროდუქცია, რაც პირველ რიგში ისევ ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსის დამსახურებაა.