ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმე დასკვნით ეტაპზეა. ტრაგედიის საქმეზე, რომელსაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, დღეს ერთ-ერთი ბრალდებულის, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, გიგა გიგაშვილის მოადგილე, გიორგი ვახტანგაშვილი მისცემს ჩვენებას.
როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, ვახტანგაშვილს, რომელსაც სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან, საკუთარ ჩვენებაში იმ მოვალეობებზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელიც მას მერიაში ჰქონდა.
რაც შეეხება, ზოგადად საქმეს, როგორც პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი აცხადებს, სასამართლოსგან
ბრალდების მხარეს ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს, რაც გამამტყუნებელი განაჩენია.
დღევანდელ სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს, ადვოკატები ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმება.
ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ - "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).