UEFA-ს ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის გიორგი ჩაკვეტაძის კონფერენსლიგაზე დაგროვებული საუკეთესო მომენტების ვიდეოკოლაჟი გამოაქვეყნა. ჩაკვეტაძე მიმდინარე სეზონში ბრატისლავის „სლოვანის“ შემადგენლობაში გამოდიოდა, სადაც მისი თანაგუნდელები გურამ კაშია და ჯაბა კანკავა იყვნენ, ხოლო გუნდის მთავარი მწვრთნელი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ვლადიმერ ვაისი.
ჩაკვეტაძემ „სლოვანთან“ ერთად კონფერენსკილიგს 1/8 ფინალში ითამაშა, სადაც ის შვეიცარულ „ბაზელთან“ დამარცხდა, თუმცა ჩაკვემ მოასწო გამორჩეული მომენტების ჩვენება გულშემატკივრისთვის, გიორგიმ კონფერენსლიგის 2022/2023 წლების სეზონში 4 საგოლე გადაცემა შეასრულა და ამ მაჩვენებლით გათამაშების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ჩაკვეტაძე ორ წელიწად-ნახევრის შემდეგ ფეხბურთს აქტიურად გასული სეზონის სტარტზე დაუბრუნდა, შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ მუხლზე უმძიმესი ტრავმა გადაიტანა.
ჩაკვეტაძე ამ მომენტისათვის ბელგიური „გენტის“ ფეხბურთელია და „სლოვანში“ განათხოვრების წესით თამაშობდა, თუმცა მას იჯარა ამოეწურა და ჯერ-ჯერობით უცნობია თუ სად ითამაშებს ის შემდეგ სეზონში. ბრატისლაველების გენერალურმა დირექტორმა, ივან კმოტრიკ-უმცროსმა განაცხადა, რომ ქართველი შემტევის გამოსყიდვა სურთ, მაგრამ ჯერ გაურკვეველია ფეხბურთელის ტრანსფერის მფლობელ ბელგიურ „გენტს“ ქართველთან დაკავშირებით რა გეგმები აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველი ტალანტის მიმართ ინტერესს შოტლანდიური „აბერდინიც“ იჩენს, რომელიც გიორგის გამოსყიდვაზე აქტიურად მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე ამ ეტაპზე საქართველოში იმყოფება და ის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ემზადება ევროპის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის, ჩვენი გუნდი 17 ივნისს კვიპროსს, ხოლო 20 ივნისს შოტლანდიას დაუპირისპირდება.