სირიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 22 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. „როიტერის“ ცნობით, ინციდენტი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. აშშ-ის სამხედრო მეთაურებს არ დაუკონკრეტებიათ ინციდენტის მიზეზი და არც ამერიკელი ჯარისკაცების მიერ მიღებული ტრავმების სიმძიმეზე უსაუბრიათ. ამასთან, ცნობილია, რომ 10 დაშავებული სამხედრო სხვა ქვეყნებში გადაიყვანეს სამკურნალოდ. ამჟამად სირიაში 900 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება. მათი უმრავლესობა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშია, სადაც ისინი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებთან ბრძოლის მისიაში მონაწილეობენ.