გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ ნოტინგემის ცენტრში სამი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, ორი ადამიანი ილკესტონის გზაზე, ერთი კი მაგდალას გზაზე აღმოაჩინეს. ამასთან, კიდევ ერთი ინციდენტი მილტონის ქუჩაზე მოხდა, სადაც ფურგონის მძღოლი სამ ადამიანს დაეჯახა. მათ სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს. არსებული ინფორმაციით, სამივე ინციდენტი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი 31 წლის მამაკაცი. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში იღებს. ქალაქში რამდენიმე გზა დაკეტილია და შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. შემთხვევის ადგილებზე სამართალდამცავები მუშაობენ.