საკეტის გამოცვლა, ბინაში კომუნალურების გამორთვა თუ სასამართლოში დავის დაწყება?! უძრავი ქონების მეპატრონეები ბოლო დროს ხშირად ჩივიან, რადგან გაქირავებულ ბინას ან უკან ვერ იბრუნებენ, ან სასამართლო დავაში ენერგიასა და დიდ დროს ხარჯავენ.
გამქირავებელსა და დამქირავებელს შორის ურთიერთობას სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები აწესრიგებს, თუმცა დღევანდელ მოცემულობაში ურთიერთობები რადიკალურად შეიცვალა. კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის გამო ბინის მეპატრონეები თავიანთ უფლებებს ვეღარ იცავენ.
„ბინა მაქვს გაქირავებული, ოფიციალური ხელშეკრულება არ დაგვიდია. პრობლემა ისაა, რომ 6 თვეა ფულს არ იხდიან. როცა გასაღების გამოსართმევად მივედი, მითხრეს, არ გავალთო; მეტიც, რამდენიმე დღეში მიჩივლეს. ვერ ვუშვებ ჩემი საკუთრებიდან. რა შეიძლება, რომ გავაკეთო?“ - წერენ სოციალურ ქსელში.
სწორედ მსგავსი შემთხვევების გახშირების გამო იუსტიციის სამინისტრო საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც ბინის ქირავნობასთან დაკავშირებულ დავებს შეეხება. ინიციატივის თანახმად, აღსრულების ეროვნულ ბიუროში შესაძლებელი გახდება სასყიდლიანი ხელშეკრულების, მათ შორის, იჯარისა და ქირავნობის ხელშეკრულების რეგისტრაცია. ხელშეკრულების საფუძველზე, აღსრულების ეროვნულ ბიუროს ექნება უფლება, სასამართლოს ნებართვის გარეშე დაავალდებულოს პირი, ან ქირა გადაიხადოს, ან ნაქირავები ბინა დაცალოს, გამარტივებული სააღსრულებლო წესებიდან გამომდინარე.
საკანონმდებლო ინიციატივას კანონიერი ძალა რომ ჰქონდეს, ის აუცილებლად მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, წერილობით უნდა გაფორმდეს და აღსრულების ეროვნულ ბიუროში დარეგისტრირდეს. სერვისი ფასიანი იქნება, თუმცა მისი ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.
იუსტიციის სამინისტრომ შესაძლო ცვლილება ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს გააცნო. როგორც ასოციაციის იურიდიული დირექტორი ნიკა ნინუაშვილი ამბობს, ინიციატივა უფლებების რეალიზაციის გარეშე დარჩენილი მეპატრონეებისთვის პოზიტიური იქნება.