პირველად, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე მოგზაურობა ღამის საათებშიც ხდება შესაძლებელი. ეკომეგობრული, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი 3D განათების სისტემა, ზიანს არ აყენებს გარემოს და, ამავდროულად, მოგზაურობას კიდევ უფრო სანახაობრივს ხდის.
ამჟამად მიმდინარეობს დაახლოებით 1 200 კმ საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება. მიმდინარე წელს, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე, ეკოტურიზმის განვითარებისთვის, დაახლოებით 22 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. სწორედ აღნიშნულის ფარგლებში მოეწყო მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე 3D განათების სისტემები, რომლის საერთო ბიუჯეტმაც 4 მილიონი ლარი შეადგინა.
აღსანიშნია, რომ გასულ წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს დაახლოებით 900 000 ვიზიტორი ეწვია, მიმდინარე წელს კი, 5 თვის განმავლობაში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა 50%-ით არის გაზრდილი