„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ, ახალგაზრდებთან მიმართებით მისი განცხადება დისკრიმინაცია არ არის.
მან განმარტა, რომ ახალგაზრდების ნაწილს პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა აქვს, რაც სხვა ორიენტაციასთან არის პირდაპირ დაკავშირებული.
„აქ საუბარი იყო კონკრეტულ ახალგაზრდებზე, რომლებსაც მართლა ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული. ყველანაირ ორიენტაციაში, პირველ რიგში, პოლიტიკურ ორიენტაციას ვგულისხმობ, თუმცა, არამარტო, სხვა ტიპის ორიენტაციაც იგულისხმება. მათ აქვთ პირველ რიგში, პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა, თუმცა, ეს პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა სხვა ორიენტაციასთან არის პირდაპირ დაკავშირებული. ერთი რამ მინდა ასევე ვთქვა, ცდილობენ, რომ ეს ახალგაზრდები რაღაცნაირად ზოგადად, გააიგივონ ჩვენს ახალგაზრდობასთან. მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს ღირსეული, გამორჩეული ახალგაზრდობა და ამ კონკრეტულ ადამიანებზე ქართული ახალგაზრდების დაყვანა არის ძალიან დიდი სირცხვილი და ეს არის დაუშვებელი. ეს ახალგაზრდები, კონკრეტული ადამიანები, ვისაც ორიენტაცია აქვთ არეული, არ არიან ჩვენი ჯანსაღი, ღირსეული ახალგაზრდების წევრები“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას, ეხება თუ არა ეს განცხადება სექსუალურ ორიენტაციას, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ სხვის ინტიმურ სფეროში ვერ შეიჭრება.
„არ მინდა სხვის ინტიმურ სფეროში შევიჭრა და აქედან გამომდინარე, ასეთ რაღაცებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ - ეს ადამიანები არიან ზოგადად არეული საკუთარ ამბებში, პოლიტიკურ თუ სხვა ტიპის ამბებში, თუმცა, ისინიც არიან ჩვენი მოქალაქეები, რა თქმა უნდა, ამ ახალგაზრდების გაიგივება ჩვენს ახალგაზრდობასთან პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ყველასთვის მიუღებელი არის, მაგრამ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმ ახალგაზრდებზეც, რომლებსაც არეული აქვთ, მათ შორის პოლიტიკური ორიენტაცია. ადამიანი როცა არის „გირჩელი" „ნაცი“ და ა.შ. მას გადარჩენა სჭირდება და ჩვენ ნებისმიერ ასეთ მოქალაქეზე უნდა ვიზრუნოთ. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ასეთი ახალგაზრდების გადარჩენაზეც“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც სტუდენტებმა კობახიძეს კიბეზე ჩასვლისას რუსული ვალუტა ესროლეს, ტელეკომპანია „ფორმულას“ მოწყობილი პროვოკაციაა. კობახიძის განმარტებით, ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდები, სწორედ ამ ტელეკომპანიასთან არიან აფილირებულები და ამ შემთხვევაში მათი სტუდენტობა არაფერ შუაშია. ამასთან, მისივე თქმით, ამ ახალგაზრდებს ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვთ.
„მგონია, რომ ეს ადამიანები უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე, საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ. მათი ყველანაირი ორიენტაცია, პოლიტიკურიდან დაწყებული, უნდა გამოსწორდეს, ეს არის ჩვენი ამოცანა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ ახალგაზრდების გადასარჩენად",- განაცხადა კობახიძემ.