პარი სენ-ჟერმენმა თავის დროზე ბარსელონადან სარეკორდო 222 მილიონ ევროდ ნაყიდი ნეიმარი ტრანსფერზე დააყენა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას 31 წლის ბრაზილიელი.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ამ ზაფხულს ბარსელონაში ლიონელ მესის დაბრუნება არ შედგება, კატალონიურ კლუბს ნეიმარის სახელიც დაუკავშირეს. ამის მიუხედავად, ყოფილი კლუბის ფორმას ვერც ბრაზილიელი თავდამსხმელი მოირგებს. ამის შესახებ კატალონიელთა თავკაცმა, ჩავი ერნანდესმა ისაუბრა.
"გაკვირვებული ვარ ამ ინფორმაციით… ის ჩვენს გეგმებში არ შედის. მას ძალიან ვაფასებ, მაგრამ ჩვენ განსხვავებული პრიორიტეტები გვაქვს. სპორტული განყოფილება უკვე ჩამოყალიბებლია ამ ზაფხულს განსახორციელებელ ყველა ტრანსფერთან დაკავშირებით"
ნეიმარი ბარსელონაში 2013-დან 2017 წლის ზაფხულამდე თამაშობდა და 2-ჯერ ლა ლიგის, 3-ჯერ ესპანეთის თასისა და ერთხელ ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებული გახდა. ბრაზილიელმა კატალონიურ გუნდთან ერთად თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპოიონატიც მოიგო.
ნეიმარს პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გასულ სეზონში ბრაზილიელმა ყველა საკლუბო ტურნირის 29 შეხვედრაში ითამაშა, 18 გოლი გაიტანა და 17 ასისტი მიითვალა.