დღეს ქვეყნის რუსული ჭაობიდან გამოყვანა მიხეილ სააკაშვილის ძალისხმევითა და უნარების გამოყენებითაა შესაძლებელი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
მისივე განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო და იქნება მომავალშიც ქართული პოლიტიკის განმსაზღვრელი ფაქტორი.
„მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ არ აინტერესებს ქართული პოლიტიკა, ეს მისი პირადი დამოკიდებულებაა. მას შეიძლება არ ჰქონდეს ეს სურვილი, მაგრამ განცდა არის და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამაზე ფიქრობს და აწუხებს, რომ დღეს ქვეყნის რუსული ჭაობიდან გამოყვანა მიხეილ სააკაშვილის ძალისხმევითა და უნარების გამოყენებითაა შესაძლებელი. მიხეილ სააკაშვილი იყო და იქნება მომავალშიც ქართული პოლიტიკის განმსაზღვრელი ფაქტორი“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის თქმით, „სააკაშვილის თემა იყო გადამწყვეტი იმაში, რომ ყველამ დაინახა „ქართული ოცნების“ რუსული შინაარსი, რომ „ქართული ოცნება“ დღეს არის რუსეთის ვასალური ხელისუფლება“.
ამასთან ბეჟაშვილის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ სხვა ძლიერი ოპოზიციური პარტიები და გაერთიანებებიც შეიქმნას.
„ჩვენ გვაქვს გამოცდილება საპარლამენტო არჩევნებში, მუნიციპალურ არჩევნებში, როდესაც სხვა პარტიებს დავუთმეთ სიაში ადგილები და ა.შ. ამან შესაბამისი ელექტორალური წარმატება არ მოგვიტანა, თუმცა რა პროცესები განვითარდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რა პირობებში მოგვიწევს კამპანიის ჩატარება, რა პოლიტიკური ველი იქნება და ა.შ. ყველაფერი განმსაზღვრელი იქნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, სხვა ძლიერი ოპოზიციური პარტიებიც შეიქმნას, გაერთიანებები შეიქმნას, რომლებიც უზრუნველყოფენ 8-15% ამომრჩევლების მობილიზებას, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს ჩვენს ხმებთან კონსოლიდაციაში საბოლოოდ კოალიციური მმართველობა შევთავაზოთ საქართველოს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.