ლონდონის „ვესტ ჰემმა“ უტიტულო 43-წლიანი პერიოდი დაასრულა. ინგლისურმა კლუბმა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში კონფერენცლიგის ფინალში „ფიორენტინა“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ევროსეზონის ერთ-ერთი ლაურეატი გახდა.
სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. საიდ ბენრაჰმამ 62-ე წუთზე პენალტით დააწინაურა „ვესტ ჰემი“, თუმცა ხუთ წუთში ჯაკომო ბონავენტურამ ანგარიში გაათანაბრა. როდესაც ფინალი დამატებით დროს უახლოვდებოდა, ბოლო წუთზე ლუკას პაკეტამ მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა ჯარედ ბოუენი და მან კონფერენცლიგის თასი მოუტანა „ვესტ ჰემს“, რომელმაც მთელი ტურნირი წაუგებლად ჩაატარა. ლონდონელებმა 15 შეხვედრიდან 14 მოიგეს და ერთხელ ფრედ ითამაშეს.
ლონდონურმა კლუბმა არსებობის ისტორიაში ევროტურნირებზე მეორედ გაიმარჯვა. პირველი ტრიუმფი 1965 წელს თასების მფლობელთა თასზე იყო.