დღეს მართლმადიდებლური ეკლესია ლომისობას აღნიშნავს. ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან.
ლომისობის დღესასწაული წინაქრისტიანულ პერიოდს მიეკუთვნება და ამიტომაც მიმდინარეობს წარმართული დღესასწაულის ელემენტებით. ამ დღეს ერთი ყველაზე მძიმე რიტუალი აღესრულება - სისხლიანი მსხვერპლშეწირვა, როცა მთიულები ლომისას ცხვარ-ძროხას სწირავენ.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ლომისობის დღესასწაულზე გადაღებული ვიდეო, რომელმაც საზოგადოების ნაწილის აღშფოთებაც კი გამოიწვია. კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე ახალგაზრდა, ასევე, მცირეწლოვანი ბავშვები მიწაზე წვებიან, მათ კი დოლ-გარმონის მუსიკის ფონზე ზემოდან ჯვრიანი და ხატიანი ადამიანები უვლიან.
როგორც მამა პეტრე კოლხმა ambebi.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ვიდეოს ნახვა ბოლომდე ვერ შეძლო, რადგან ბოლო დროს ლომისობის დღესასწაული სასაკლაოდ აქციეს და მას არაფერი აქვს საერთო მართმადიდებლობასთან.
"პირველ რიგში, ლომისობის დღესასწაულს მივულოცავ მთელ საქართველოს. შემაშფოთებელია ჩემთვის ეს ფაქტი, მსგავსი ტიპის ვიდეო, რომელიც საეკლესიო რიტუალთან არის დაკავშირებული, ცხოვრებაში პირველად ვნახე. აქამდე არ მინახავს, არც გავრცელებულა და ჩემი კომენტარი ამ ვიდეოს არ ეხება. ეს ვიდეო არის შედეგი იმ დეგრადირებული და დამახინჯებული სულიერი მდგომარეობის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში.
ლომისობის დღესასწაულს ამ ბოლო დროს თითქოს არც გააჩნია კავშირი მართლმადიდებლობასთან. სასაკლაოდ აქციეს მთის ტრადიციები და ღირებულებები. ლომისის წმინდა გიორგის ტაძართან სისხლის მდინარეები დგას. ვერ გავიგეთ, რომ ღმერთს არაფერში არ სჭირდება და ის არასოდეს დააგემოვნებს მოხარშული ცხვრის ხორცს. ტყუილად ნუ ვაბრალებთ ღმერთს, რომ მას ვწირავთ მსხვერპლს. ღმერთმა საკუთარი თავი კაცობრიობისთვის თვითონ გაწირა, ამაზე უფრო დიდი მსხვერპლი არ არსებობს.
2023 წელსაც ვერაფრით გამოვაღწიეთ ძველი აღთქმიდან, სიბნელიდან და ფსკერიდან, ვერ გადავინაცვლეთ ახალ აღთქმაში. ის, რაც ხდება ლომისობის გარშემო, ეს არის ერის უდიდესი ტრაგედია, დეგრადირება, ჩემთვის რაც ყველაზე მტკივნეულია, გამოგიტყდებით და ამ ვიდეოს ბოლომდე არ ვუყურე პროტესტის ნიშნად, არც მინდა ბოლომდე ვნახო. აქ ზრდასრულ ადამიანებთან ერთად, ფორთხვით მოძრაობენ მოზარდები. ამ ბავშვების სულიერ მდგომარეობას ჩანასახშივე ამახინჯებენ. უკვე ასწავლიან, რომ ეს მახინჯი წარმონაქმნი, რომელსაც მართლმადიდებლობასთან საერთო არაფერი გააჩნია, თითქოს რელიგიის ნაწილია. ყველამ ერთად უნდა ვთქვათ, ვიყვიროთ, რომ ეს არ არის რელიგია. ეს არის დამახინჯებული სახალხო ტრადიცია, რიტუალი, რომელსაც საეკლესიო გამოცდილებასთან არაფერი აქვს საერთო." - ამბობს პეტრე კოლხი.