დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, ავტობუსის ზოლში გადასაადგილებლად, ტაქსის სპეციალური სტიკერი, A კატეგორიის 1600-ზე მეტ ტაქსის მძღოლს აქვს აღებული, ხოლო იმისთვის, რომ მგზავრებმა თანხა ელექტრონულად გადაიხადონ, QR კოდები 200-ზე მეტი ტაქსის მძღოლზე გაიცა.
ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც 10 წელზე ნაკლები ასაკის ავტომობილი ჰყავთ, მივეცით საავტობუსე ზოლებში გადაადგილების საშუალება. რა თქმა უნდა, მათ უნდა აიღონ სპეციალური სტიკერი, რომელიც უნდა განათავსონ საქარე მინაზე. ასევე, საავტობუსე ზოლში გადაადგილებისთვის აუცილებელია ტაქსის სპეციალური მანიშნებელი, რომელიც ჩვენ დავურიგეთ. იყო შემთხვევები, როცა ტაქსის მანიშნებელი ან სტიკერი არ ჰქონდათ და ისე გადაადგილდებოდნენ საავტობუსე ზოლში. ეს იწვევს დაჯარიმებას. ორივე მნიშვნელოვანი კომპონენტია, წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება ჯარიმა გამოწერილი. უნდა დავიცვათ წესრიგი და ის რეგულაციები, რომელიც არის გაწერილი და რომელთან დაკავშირებითაც გაქვთ სრული ინფორმაცია. რაც შეეხება სტიკერების გაცემის პროცესს, 1600-ზე მეტ ტაქსის მძღოლს აქვს აღებული აღნიშნული სტიკერი, რომლებიც ყოველგვარი პრობლემები გარეშე გადაადგილდებიან საავტობუსე ზოლებში. იმ ავტომობილებისა და იმ ტაქსის მძღოლებისთვის, რომელსაც არ ჰყავს 10 წლამდე ასაკის ავტომობილი და უფრო ძველი ავტომობილები ჰყავთ, მათთვის რჩება იგივე წესი, საავტობუსე ზოლში მათ აქვთ მგზავრის აყვანისა და ჩამოსმის შესაძლებლობა. რაც შეეხება QR კოდებს, 200-ზე მეტი QR კოდია გაცემული, რომლის საშუალებითაც მგზავრს შეუძლია ელექტრონულად გადაიხადოს, ხოლო მძღოლს თანხა მომენტალურად აესახება ანგარიშზე“,- განაცხადა კალაძემ.