საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოეს ორ შეხვედრას სტუმრად გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი კვიპროსთან და შოტლანდიასთან მატჩებისთვის კვლავ არასრული შემადგენლობით ემზადება. ამ ეტაპზე საწვრთნელ პროცესში 15 ფეხბურთელი მონაწილეობს. რამდენიმე ფეხბურთელი ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.
5 ივნისის სავარჯიშო პროცესის შემდეგ, ნაკრებს ეროვნულ ლიგაში მოთამაშე სამი ფეხბურთელი შეუერთდა. სანდრო ალთუნაშვილმა, ვლადიმერ მამუჩაშვილმა და ჯიმი ტაბიძემ დღეს ნაკრებთან ერთად ივარჯიშეს. უკვე გუნდთან ერთადაა ლუკა გაგნიძეც.
საქართველოს ნაკრების კიდევ რამდენიმე ლეგიონერი თბილისში უახლოეს დღეებში ჩამოვა.
ეროვნულ ნაკრებში ჩამოსვლის პრობლემა შეექმნა ზურიკო დავითაშვილს, რომელიც საფრანგეთის ლიგა 2-ში გამოდის. ახალგაზრდა ფეხბურთელის გუნდი „ბორდო“ ლიგა 1-ში გადასასვლელად იბრძოდა. სეზონის ბოლო შეხვედრაში მის გუნდს გამარჯვება სჭირდებოდა, რათა უმაღლეს დივიზიონში აღზევებულიყო. 38-ე ტურში დავითაშვილის „ბორდო“ „როდეზს“ ეთამაშებოდა, როდესაც მატჩის 23 წუთზე მინდორზე ერთ-ერთი გულშემატკივარი შევარდა და „როდეზის“ ფეხბურთელს ხელი ჰკრა, რის გამოც შეხვედრა შეწყდა. საფრანგეთის პროფესიული ლიგის სადიციპლინო კომიტეტმა 5 ივნისს საკითხი განითილა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუტანია და მათ ზუსტი ანალიზისთვის 1 კვირა ითხოვეს. გამოდის, რომ თუ 12 ივნისს საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდა, სადაც ნათქვამი იქნება, რომ შეხვედრა უნდა ჩატარდეს მაშინ ეს მატჩი 2-3 დღეში გაიმართება, ზურიკო დავითაშვილს კი 15 ივნისამდე საფრანგეთში მოუწევს ყოფნა. საქართველოს ნაკრებს კი ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი შეხვედრა 17 ივნისს კვიპროსთან ელოდება. ამ თემაზე „ბორდოს“ ოფიციალურმა საიტმა განცხადება გაავრცელა: „„საფრანგეთის პროფესიული ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა საბოლოო ვერდიქტის გამოტანა 2023 წლის 12 ივნისამდე გადადო. „ბორდოს“ წინადადება მატჩის სწრაფი გადათამაშების შესახებ კომიტეტმა არ განიხილა. ეს შესაძლებელს გახდიდა სპორტული კალენდრის შეზღუდვების დაცვას, განსაკუთრებით – საერთაშორისო მატჩების თვალსაზრისით (იგულისხმება მოხლოებული სანაკრებო მატჩები).
კომისიამ საქმის გამოძიებისთვის ერთი კვირა მოითხოვა. ამ გადაწყვეტილებით, 12 ივნისამდე ჩემპიონატის საბოლოო შედეგი უცნობი დარჩება და არც იმის შესაძლებლობას ტოვებს, რომ გადამწყვეტი მატჩი სამართლიან გარემოში ჩავატაროთ“, – წერია „ბორდოს“ განცხადებაში.