ახლახან მიცემულ ინტერვიუში სიდნი სვინიმ Euphoria-ში შესრულებული როლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მამა სერიალში მონაწილეობასთან დაკავშირებით დადებითად არ იყო განწყობილი. მსახიობის თქმით, ოჯახს Euphoria-ში მონაწილეობის შესახებ მაშინ გაუმხილა, როცა გადაღებები უკვე დაწყებული იყო.
"გადასაღებ მოედანზე მხოლოდ დედა მესტუმრა. ასე რომ, მან წინასწარ იცოდა ჩემი როლი, რაზეც ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა მამამ არაფერი იცოდა. დიახ, მამა Euphoria-ის როლისთვის არ შემიმზადებია", — განაცხადა სიდნიმ.
შეგახსენებთ, რომ Euphoria-ში სიდნი ქესის როლს თამაშობს. სერიალი სკოლის მოსწავლეების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს და იმ პრობლემებს უსვამს ხაზს, რომლებიც მათ ნარკოტიკებთან, ძალადობასა და საზოგადოებასთან მიმართებაში აქვთ. სიდნის კი Euphoria-ში არაერთი შიშველი სცენის თამაში მოუწია.
"არ ვიცოდი, მამასთან ამაზე საუბარი როგორ უნდა დამეწყო. ზოგადად, მამას ხშირად ვესაუბრები ხოლმე, თუმცა სამუშაოზე არა. მან კი გადაწყვიტა, Euphoria თავის მშობლებთან ერთად ენახა. როცა მამამ და ბაბუამ სერიალის ყურება დაიწყეს, მაშინვე გამორთეს", — ამბობს სიდნი სვინი.
სიდნი სვინის არაერთხელ უსაუბრია შიშველი სცენების გადაღების დადებით და უარყოფით მხარეებზე. Cosmopolitan-თან ინტერვიუში სიდნი სვინიმ განაცხადა, რომ ადამიანები მის სამსახიობო უნარებს არაფრად აგდებდნენ მანამ, სანამ The White Lotus-ში არ გამოჩნდა. სიდნის აზრით, ამის მიზეზი ისაა, რომ ეიფორიაში შიშველი სცენები ჰქონდა. სიდნიმ ისიც აღნიშნა, რომ შიშველ სცენებს უბრალო პროფესიულ დავალებად თვლის და არა — ინტიმურ მომენტებად.