გუშინ საქართველოს ეროვნული ლიგის მე-20 ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. ქუთაისის ტორპედომ ახალი მთავარი მწვრთნელის ხელში დილასთან პირველი მატჩი მოიგო და გამარჯვებების გარეშე 6-მატჩიანი სერია შეწყვიტა. ასევე დინამო თბილისმა სამტრედიას პრობლემების გარეშე მოუგო, ხოლო დინამო ბათუმმა საბურთალოს 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყვიტა.
ტორპედომ „დილა“ გიორგი კუხიანიძის მიერ მე-80 წუთზე ლამაზად შესრულებული პენალტით დაამარცხა. ამ მოგების შემდეგ, ქუთაისელებმა 24 ქულა დააგროვეს და ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში ისევ მე-6 ადგილზე არიან. მომდევნო ტურში ტორპედო გასვლაზე საბურთალოს შეხვდება. დილას 34 ქულა დარჩა და მეხუთე ადგილზე დაქვეითდა, თუმცა იმდენივე ქულა აქვთ, რამდენიც დინამო თბილისს. გორელები შემდეგ მატჩს სწორედ თბილისელების წინააღმდეგ გამართავენ.
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში დინამო ბათუმმა საბურთალოს უმასპინძლა. გიზო მამაგეიშვილს ანტონ ჩიჩკანმა ახლო მანძილიდან სახიფათო დარტყმა აუღო და ბურთი კუთხურზე მოიგერია. კუთხურის დროს ბათუმელთა ბელარუსი მეკარე შეცდა და სილამ ანგარიში გახსნა. 77-ე წუთზე ლაზარე კუპატაძე უძლური აღმოჩნდა - ღუდუშაურის ჩაწოდების შემდეგ ფლამარიონ ჯოვინომ თავით ძალიან ეფექტურად და ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა. 83-ე წუთზე გიორგი ჯგერენაიამ კუპატაძეს ცუდი პასი გაუკეთა, კაპანაძემ მეტოქის მეკარეს დაასწრო, საბურთალოს მეკარეს წესების დარღვევის გარდა არაფერი დარჩენოდა: ყვითელი ბარათი და პენალტი. 11-მეტრიანი მამუჩაშვილმა დაარტყა და დინამო წინ გავიდა. მატჩის ბოლომდე არაფერი შეცვლილა და დინამო ბათუმმა მიმდინარე სეზონში საბურთალო პირველად დაამარცხა.
განვლილი 20 ტურის შემდეგ ბათუმის დინამომ 42 ქულა დააგროვა და ეროვნული ლიგის ლიდერია. ბათუმელები საბურთალოს უკვე 4 ქულით უსწრებენ. საბურთალოს 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა და გუნდს 39 ქულა დარჩა. მომდევნო ტურში დინამო ბათუმი შუქურას შეხვდება, საბურთალო, კი ტორპედოს დაუპირისპირდება.