საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩასატარებლად აშენებულ ობიექტებს დაათვალიერებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნობა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თავდაპირველად მოეწყო საინჟინრო სისტემები, გაგრილების, გათბობის, წყალმომარაგების, წყალარინების და უსაფრთხოების. სტადიონი აღჭურვილია აბსოლუტურად ყველა აუცილებელი სივრცით, სპორტსმენებისთვის, ჟურნალისტებისთვის, ოპერატორებისთვის, კომენტატორებისთვის და მატჩის მსვლელობაში, გაშუქებაში თუ მომსახურებაში ჩართული პირებისთვის. დამონტაჟდა გახმოვანებისა და უსაფრთხოების ახალი სისტემები, ახალი სკამები, ელექტრონული ტურნიკეტები, ლედ სარეკლამო კედლები.
პრემიერ-მინისტრი მიხეილ მესხის სტადიონის დათვალიერების შემდეგ, იმერეთში გაემგზავრება, სადაც ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს და ქუთაისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიას დაათვალიერებს.
პრემიერი სპორტულ ობიექტებთან ერთად იმერეთში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნობა.
საქართველოში უეფას, 21 წლამდე ნაკრებთა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს. სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რისთვისაც 115 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო.
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.