თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, ან ისტერიკა, რომ ვაიმე, „ნაციონალური მოძრაობა“ ახალ ბლოკებს ქმნის, მინდა დაგაწყნაროთ, ახალი საარჩევნო კოდექსით ბლოკების შექმნა შეუძლებელია - „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე „რუსული ოცნების“ მოშორება შეუძლებელია. თუ ადამიანს არ უნდა ამის დანახვა, ან მიამიტია, ან სავარაუდოდ არ არის ფხიზელ მდგომარეობაში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, დიმიტრი შაშკინმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
როგორც შაშკინმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის მხარი დაუჭიროს იმ ინიციატივებს, რომელიც მიმართული იქნება „რუსული ოცნების“ მოშორებაზე.
„ნებისმიერი კვლევებით, ხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე „რუსული ოცნების“ მოშორება შეუძლებელია. თუ ადამიანს არ უნდა ამის დანახვა, ან მიამიტია, ან სავარაუდოდ არ არის ფხიზელ მდგომარეობაში. „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე „რუსული ოცნების“ მოშორება შეუძლებელია. ეს დასტურდება, როგორც პირველადი, ისე მეორეული წყაროების ანალიზით. ჩვენ ყველა ოპოზიციურ პარტიას ვთავაზობთ კოორდინაციას, დახმარებას ვთავაზობთ, რომ თუ შეგვიძლია დავეხმაროთ, რათა შექმნან თავისი ელექტორატი.
იცით, რომ ახალი საარჩევნო კოდექსით ბლოკების შექმნა შეუძლებელია. ჩვენ ვთავაზობთ არჩევნებამდე კოორდინაციას.
ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი საპარლამენტო რესურსი, საკრებულოს რესურსი. მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მათ ინიციატივებს, რომელიც მიმართული იქნება „რუსული ოცნების“ მოშორებაზე. ვთავაზობთ დახმარებას, რომ ნეიტრალურ ამომრჩეველთან დაამყარონ კონტაქტი. ოპოზიციას კოორდინაცია სჭირდება, „ნაციონალური მოძრაობა“ 11 წელის განმავლობაში გამოირჩევა იმით, რომ არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ აკრიტიკებს. ჩვენ მუდმივად გვეჩხუბებიან და გვაგინებენ, სამწუხაროდ, ზოგი ოპოზიციური პარტიაც. ჩვენ იმით გამოვირჩევით, რომ არ ვუპირისპირდებით ოპოზიციას, ვთვლით, რომ ჩვენ საერთო მტერი გვყავს, ეს არის „რუსული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი, რუსეთი, და პუტინი. ვისაც სურვილი აქვს კოორდინაციაში ვიმოქმედოთ, ბედნიერები ვიქნებით. ჩვენი მოსაზრებაა, რომ ეს კარგი იქნება ქვეყნისთვის.
თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, ან ისტერიკა, რომ ვაიმე, რაღაც ახალ ბლოკებს ქმნის „ნაციონალური მოძრაობა“ მინდა დაგაწყნაროთ, ახალი საარჩევნო კოდექსით ბლოკების შექმნა შეუძლებელია...
სამწუხაროდ, ყველა გამოკითხვებით, დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს მაღალი რეიტინგი არ გააჩნიათ, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა „ნაციონალური მოძრაობა“. სხვა ოპოზიციური პარტიების გაძლიერება ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ გვაგინონ, ჩვენ გვეჩხუბონ, შავი კატა ეძებონ შავ ოთახში, სადაც ის არ არის, მზად ვართ, რომ ღიად, ჩვენი რესურსებით გამოყენებით ხელი შევუწყოთ მათი რეიტინგის ზრდას“,- აღნიშნა შაშკინმა.
ამასთან, მან პარტიაში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა. როგორც შაშკინმა აღნიშნა: „არც კეზერაშვილი, არც ადეიშვილი და არც მერაბიშვილი არ ერევა პარტიის საქმიანობაში.
„ ზურაბ ადეიშვილი დაკავებულია იმით, რომ მუშაობს საერთაშორისო სასამართლოსთან, რათა პასუხი აგოს ყველა იმ დამნაშავემ, ვინც ბავშვებს კლავს უკრაინაში, პუტინმა აგოს პასუხი.ზურაბ ადეიშვილი ერთ-ერთი ავტორია იმ საქმეში, რომელსაც საერთაშორისო სასამართლო იძიებს პუტინის წინააღმდეგ. ვანო მერაბიშვილი ევროპაშია და უკრაინას ეხმარება, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს ამ ომში. დავით კეზერაშვილმა ბრძანა, რომ ის არ არის ჩართული პოლიტიკაში, არხის ნახევარი ჟურნალისტებს გადასცა. არც კეზერაშვილი, არც ადეიშვილი და არც მერაბიშვილი არ ერევა პარტიის საქმიანობაში. პარტიას არჩეული თავმჯდომარე ჰყავს, გენერალური მდივანი და სამდივნო. პარტია ქართველ ხალთან ერთად ერთად მუშაობს, რომ ქართველი ხალხის ინტერესები დაცული იყოს. საქართველომ ევროკავშირის სტატუსი მიიღოს“,- აღნიშნა შაშკინმა.
შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.
„ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, ხვალ ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს“, - განაცხადა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მისამართით ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“.