შეიძლება ასე ითქვას, რომ დასაქმება არის ისტორიულ მაქსიმუმზე, უმუშევრობა კი ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, სიღარიბის მაჩვენებელიც შემცირებულია და ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული.
„სამუშაო ადგილების რაოდენობა პირველ კვარტალში გაიზარდა, 42 ათასით მეტი სამუშაო ადგილი პირველ კვარტალში შეიქმნა და 716 ათასი შეადგინა. რაც პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელია. მათ შორის, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ 2020 წელს პირველი კვარტლის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი გვქონდა, მაშინ პანდემიის ეფექტი ჯერ კიდევ ასახული არ იყო და მაშინ 31 ათასი იყო, ეს იმ დროს ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებლად ითვლებოდა. ახლა კი პირველ კვარტალში 42 ათასი მატება გვაქვს დასაქმების მიმართულებით, ეს ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა.
შეიძლება ასე ითქვას, რომ დასაქმება არის ისტორიულ მაქსიმუმზე, უმუშევრობა კი არის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირებული. ასევე, სიღარიბეც არის შემცირებული და ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული. შედარებისთვის აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უმუშევრობის დონე 2010 წელს 27% იყო, ახლა კი 17%-ზეა ჩამოსული. 10 წელიწადში ამხელა პროგრესი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.